საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა.
გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს” (Doc. 14130), ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს” (Doc. 14139) შეეხება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის შემადგენლობით იმყოფება.
მანანა კობახიძემ ამ საკითხზე განმარტებაც გააკეთა. მან „ინტერპრესსნიუსს“ განუცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას მათ მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან ჰქონდათ და შესაბამისად, რეზოლუციის კენჭისყრას არ ესწრებოდნენ.
„რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვას, ვინაიდან ჩვენ ზუსტად იმ დროს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა შვეიცარიელ კოლეგებთან, სამწუხაროდ, ვერ დავესწარით, რაც არანაირად არ უნდა იყოს გაგებული უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მითუმეტეს, როცა რაიმე, წინასწარი კომუნიკაციაც კი უკრაინის მხრიდან არ ყოფილა ამ თემაზე, როგორც ამას დელეგაციები მიმართავენ, როგორც წესი. ასე, შესაძლოა, ვერც უკრაინელებმა ან რომელიმე სხვა მეგობარი ქვეყნის დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა რაიმე საკითხის განხილვაში, როცა ამის სრულიად საპატიო მიზეზი არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კომიტეტზე მათ ჩვენ მხარი დავუჭირეთ“, – განაცხადა კობახიძემ.