„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ოდესიდან ღვინის ჭიქით განკარგულებებს გასცემდა“ და სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, ენმ პარლამენტში შედის. მიხეილ სააკაშვილის ღვინის ჭიქით გაცემულ ბრძანებებზე გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე სოციალურ ქსელში, ემოციების დაოკებისკენ მოუწოდა ყველას. გიგა ბოკერიამ კი სპეციალურ ბრიფინგზე ენმ-ს პარლამენტში შესვლის უპირობო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. პარტიის ლიდერების და მათი მეუღლეების საჯარო დაპირისპირებამ კითხვები გააჩინა, თუ რა ხდება გუნდში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილისთვის ასევე გაუგებარი გახდა, რატომ დაიწყო პარტიამ არჩევნების შემდეგ ფიქრი, შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში, – „ნუთუ მათ არ ჰქონდათ გეგმა, არჩევნებში წაგების შემდეგ რას მოიმოქმედებდნენ?“ – გაიჟღერა კითხვამ.
„ეს იყო სწორი გადაწყვეტლება“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ენმ-ს პარლამენტში შესვლას და გუნდში სავარაუდო განხეთქილების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს.
„მეტრონომი“: ენმ-ს გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ? მათი მხარდამჭერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამით ამომრჩეველთა ხმები დაკარგეს. ამავდროულად, გამოჩნდა, რომ პარტიაში განხეთქილებაა.
ვახტანგ ძაბირაძე: გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მე მიმაჩნდა, რომ უნდა შესულიყვნენ. რაც შეეხება განხეთქილებას, ყოველთვის ვამბობდი, რომ პარტიაში განხეთქილება კი არ მოხდებოდა, სააკაშვილი იძულებული იქნებოდა, გუნდის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.
ჩვენ გვაქვს უკვე ის მაგალითი, რა მიიღეს იმ პარტიებმა, ვინც 2008 წელს არ შევიდა პარლამენტში. ამით არავის არანაირი სიკეთე არ მიუღია. ძალიან კარგად ახსოვთ ეს ყველაფერი ბოკერიასაც და სხვესაც. რა თქმა უნდა, ისინი იბრძოლებდნენ იმისთვის, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.
– რატომ არ სურდა მიხეილ სააკაშვილს ენმ პარლამენტში რომ შესულიყო?
– მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ითქვას, რომ სრულად აკონტროლებდა ენმ-ს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს გარეთ დარჩებოდა, ეს კონტროლი სრულად შეუნარჩუნდებოდა. პარტიის გარეთ დარჩენა კი სააკაშვილის პოლიტიკური თამაშის გაგრძელებას გულისხმობდა. მაგრამ თუ ენმ პარლამენტში შევიდოდა, გარკვეული დისტანცირება მოხდებოდა და უფრო დამოუკიდებლები იქნებოდნენ, ვიდრე მანამდე. პარლამენტში სააკაშვილის გავლენა ცხადია შემცირდება. შესაბამისად, ენმ დაიწყებს დამოუკიდებელი პოლიტიკის თამაშს. სააკაშვილს თუ უნდა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს, იძულებული იქნება დათანხმდეს გუნდის გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღმოჩნდება ქართული პოლიტიკის მიღმა.
– რატომ დასჭირდა ენმ-ს მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება? უკვე საუბრობენ, რომ გიგა ბოკერია დიდი ხანია ცდილობს მისი გავლენისგან გათავისუფლებას. პარტიამ დაინახა, რომ სააკაშვილს უფრო მეტი უარყოფითი მოჰქონდა მათთვის?
– შესაძლოა არჩევნებზე სააკაშვილის ჩართვამ გარკვეული პლიუსები მოუტანა „ნაციონალებს“, მაგრამ არავინ არ ანგარიშობს იმას, თუ „ქართულ ოცნებას“ რამდენად წაადგა მისი გამოსვლები. თუ „ნაციონალები“ დარაზმა, უფრო მეტი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნა. ეს არჩევნების პერიოდში. მანამდე, სააკაშვილი მუდმივი ბორკილი იყო“ნაციონალური მოძრაობისთვის“. ვერანაირად ვერ ხერხდებოდა მისი ჩრდილიდან გამოსვლა, შესაბამისად, ენმ თამაშობდა მის თამაშს, რაც გულისხმობდა მკვეთრ დაპირიპირებას და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვაგვარი გზა რომ აერჩია, დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა „ქართული ოცნება“ და საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკი შესაძლოა არც ყოფილიყო. ენმ-ში არის ხალხი, რომელსაც ძალიან კარგად და სწორად შეუძლია პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი. ერთია ის, თუ რას ლაპარაკობენ და სახიფათონი იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებულნი და მეორეა, რომ მათ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი შეუძლიათ. მათ სწორედ ამიტომ მიიღეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. ამიტომ სააკაშვილი იძულებული გახდება ჩარჩოებში მოექცეს, თუ მას პარტიასთან ერთად ყოფნა სურს. მანამდეც საუბრობდნენ, რომ ენმ-ში დაპირისპირება იყო, მაგრამ ახლა საჯარო სივრცეში გადმოვიდა ეს. ეს სულ სხვა სიბრტყეა. „ნაციონალების“ ამ გუნდმა გადალახა ის ბარიერი, რასაც ჰქვია სააკაშვილთან საჯარო პოლემიკა. მათ უკვე სხვა გზა აღარ აქვთ – თუ სააკაშვილი ისევ აგრესიული სცენარის მომხრე იქნება, და ეს აგრესია შეუთავსებელი იქნება ქართულ საზოგადოებასთან, ეს გუნდი მას მოსთხოვს რომ ჩადგეს ჩარჩოებში.
– რატომ არ ჰქონდა ენმ-ს გეგმა, რომელსაც არჩევნებში დამარცხების მერე მიყვებოდნენ და რატომ გამოჩნდა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს ფიქრი რა გადაწყვეტილება მიეღოთ?
– მათ ნამდვილად არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდნენ, რადგან, როგორც აღვნიშნე, იქ არიან ადამიანები, რომლებიც სწორ ანალიზს აკეთებენ. თუ „ნაციონალები“ არჩევნების წინ დაუპირისპირდებოდნენ სააკაშვილს, მთლიანად ჩაიძირებოდნენ. ამიტომ სწორი გააკეთეს დაწყებულ პოლიტიკურ პროცესს დასრულება რომ აცალეს. აქ უფრო სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა. მას თუ არ უნდოდა განხეთქილება საჯარო გამხდარიყო, ეს განცხადებები ღიად არ უნდა გაეკეთებინა. ჯობდა კონსულტაციები გაემართა. მაგრამ მან შეცდომა დაუშვა და გუნდმაც სწორი რეაქცია მისცა. ამას დაუმატეთ ის, რომ დასავლეთიდან ენმ-ს პარლამენტში შესვლას მხარდაჭერა მოჰყვა. ფაქტობრივად, ენმ-ს გუნდმა ნულზე მოუგო სააკაშვილს თავისსავე მოედანზე.
– არჩევნებში გუნდმა მისი სახელითაც მიიღო ხმები. გაიჟღერა შეფასებამ, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილის გარეშე ნულია. რამდენად მყარი იქნება ენმ სააკაშვილის გარეშე?
– დაპირისპირება საარჩევნო პერიოდში პარტიის რეიტინგის დაცემას უწყობს ხელს. ასე მოხდა ბურჭულაძის შემთხვევაშიც. ამიტომ სწორად მოიქცნენ, რომ პროცესის დასრულების მერე დაიწყო ეს ყველაფერი. სააკაშვილი გუნდის უპირობო ლიდერი იყო და მათ, რა თქმა უნდა, ლიდერის პრობლემა გაუჩნდებათ. მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი ხალხია და მათთვის ყველა მეთოდი მისაღებია, რაც გამარჯვებას მოუტანს. ამ წუთში მათ გამოკვეთილი ლიდერი არც ჰყავთ და არც სჭირდებათ. საპარლამენტო პროცესი ამ ლიდერს თვითონ გამოავლენს.
– ამ შემთხვევაში, „უპირობო ლიდერმა“ სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ამ გუნდს გაჰყვება თუ ჩამოშორდება?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მას არც ისე დიდი არჩევანი აქვს.
– „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს. რა მოსალოდნელი შედეგები აქვს ამგვარ ძალაუფლებას?
– სირთულე ის არის, რომ უკონტროლო და შეუზღუდავ ძალაუფლებას გაძლება უნდა. ძალიან დიდია იმის ცდუნება, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება ასევე შეუზღუდავად გამოიყენო. სამწუხაროდ, ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. გულით მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ცუდი ტრადიცია დაარღვიოს, მაგრამ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, ცდუნება ძალიან დიდია. ყველაზე დიდი ხიფათია, ავტორიტარიზმისკენ არ წავიდეთ.
– ამ ხიფათისგან თავის ასარიდებლად, რამდენად სწორი იქნება პარტიებმა, რომლებიც არჩევნებში ბარიერს მიღმა აღმოჩნდნენ, თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდონ, ენმ-ს დაუჭირონ მხარი, პარლამენტში ბალანსის დასაცავად და საკონსტიტუციო უმრავლესობის არმისაღებად?
– ჯერ ერთი ამ პარტიებს არც ისე დიდი მხარდამჭერები ჰყავთ, მეორეც, რამდენიც არ უნდა მოუწოდონ ამ პარტიებმა მხარდამჭერებს ენმ-ს მისცენ ხმას, ეს ხალხი არჩევნებზე არ წავა. მოხდება ის, რომ ამ პარტიებს მხარდამჭერები ისედაც ცოტა ჰყავთ და სულ დაკარგავენ. ამის შანსს ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ იმ პარტიებს დააზიანებს, ვინც ამგვარ განცხადებას გააკეთებს.
მანა ნოდია