ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯიპი ხრამში გადავარდა: 5 და 10 წლის ბავშვები დაიღუპნენ, მშობლები და კიდევ 2 ბავშვი საავადმყოფოში არიან

თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები – ინფორმაციას ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.

როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ყლარტიაულმა განუცხადა, რომ 112-ზე შეტყობინება გუშინ, 22:00 საათის შემდეგ შევიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული ამოიყვანეს, 5 წლის ბავშვს კი ვერ პოულობდნენ. სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდა. ბავშვის ცხედარი გამთენიისას იპოვეს.

სამაშველო სამუშაოების დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მაშველიც დაშავდა. მან ფეხის დაზიანება მიიღო და სხვა დაშავებულებთან ერთად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ნისლი გახდა.

„ახლა ვბრუნდები მეც თუშეთიდან. გზაზე მწყემსებს ვკითხე და მითხრეს, რომ ცუდი ამინდი იყო, ჭექა-ქუხილი, რის შემდეგაც ხეობაში ნისლი ჩამოწვა. სავარაუდოდ გზა ვეღარ დაინახეს და ხრამში გადავარდნენ“, – აღნიშნა კახოიძემ.

თუშეთთან დამაკავშირებელი  ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი. გზა მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის.

თუშეთის გზა ერთერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ ეტაპზე შსს სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

 

იტვირთბა....