ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მარნეულში საარჩევნო ყუთი არ დაკარგულა” (ვიდეო)

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

 

„მინდა განცხადება გავაკეთო კონკრეტულად იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ხდება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან. როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ყუთი გაქრა, დაიკარგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ასევე დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

 

ამავდროულად, ნახეთ რომ, იყო შენობაში შეღწევის მცდელობაც, ქვების სროლაც, ჩალეწილია ფანჯრები. ეს მოხდა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მიერ. თუმცა ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები. იქ გახლდათ ცესკოს წარმომადგენელი, ასევე დამკვირვებლები. ყველა ადასტურებს, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული, მთლიანი, არ არის დარღვეული ყუთის მთლიანობა. გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყუთში არსებულ ბიულეტენებს, რომლებიც საარჩევნო კონვერტებშია განთავსებული, არანაირი საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად არ არსებობს აჟიოტაჟის საფუძველი 48-ე საარჩევნო უბანთან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პროცედურულად ახლა ხმის მიცემა, კენჭისყრა შეჩერებულია და მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც შეკრებილი არიან ამ უბანთან, მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერები არიან ისინი, რომ არჩევნებში არსებობს სამართლებრივი, ცივილიზებული ფორმები და ყველა ადამიანი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სწორედ სამართლებრივ ჩარჩოებში. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, უნდა მოხდეს სამართლებრივი კორექტირება. აბსოლუტურად წესრიგშია საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო და მივმართო მათ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიას, რომ გააგრძელონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება მშვიდ გარემოში, ხელი შეუწყონ ამომრჩევლებს, გაგრძელდეს კენჭისყრის პროცესი და შემდგომ მშვიდ გარემოში დაითვალოს ხმები ამ უბანზე“-, განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანში დაძაბულობა იყო. უცნობი პირების მიერ პროვოცირებულ დაპირისპირებას სარჩევნო უბანზე სპეცრაზმის შეყვანა დასჭირდა.

https://www.youtube.com/watch?v=DmOFsVfllTw

 

იტვირთბა....