ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

8 საათზე ორი დიდი აქციის მოლოდინია

 

დღეს 20:00 საათზე “ეგზიტპოლების ომი” იწყება – “რუსთავი 2”-ზე კომპანია “ჯიეფკეის” (GFK) კვლევის შედეგები გამოცხადდება, ხოლო 4 სხვა ნაციონალურ არხზე – “ტიენესის” (TNS). სპეციალისტთა უმრავლესობა ამ კომპანიების მიერ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე აცხადებს, რომ ამ ორი ეგზიტპოლის შედეგები განსხვავებული იქნება და, შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულიც – შესაძლოა, მათ ვერსიებში გამარჯვებულიც სხვადასხვა იყოს. ეს კი დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის საფუძველს ქმნის.

ამ ორივე ეგზიტპოლის გამოცხადებას თბილისში რუსთაველის ძეგლთან შეხვდებიან “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები, პარტიის ლიდერების განცხადებით. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში, კოლმერუნეობის მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან კი გუშინ ღამე ამონტაჟებდნენ შესაბამის კონსტრუქციებს იმისათვის, რომ პარტიის მხარდამჭერებმა იქ ერთად უყურონ როგორც ეგზიტპოლების, ასევე ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებას.ის, რომ ეგზიტპოლები განსხვავებული იქნება, ამაში არც პოლიტიკურ პარტიებს და არც პოლიტოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ. მიზეზი კი ისაა, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური კვლევა უკვე გამოქვეყნდა “რუსთავი 2”-ზეც და “იმედზეც”, ეგზიტპოლებს კი ისევ იგივე ქართული ორგანიზაციები ატარებენ, რომლებმაც ეს ურთიერთგამომრიცხავი გამოკითხვები ჩაატარეს.

მზადება “ნაცმოძრაობის” სათავო ოფისთან

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” იმ ეგზიტპოლის შედეგებს ენდობა, რომელიც “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ტარდება.

“მე ახლა ვარ ცენტრალურ ოფისში, ქალაქის ცენტრში და ვხედავ, რომ ჩვენს შიდა ეზოში რაღაც კონსტრუქციებს აწყობენ. აქ იქნება დიდი ეკრანი, აქ იქნებიან პარტიის ის ლიდერები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან და ჟურნალისტებისთვისაც იქნება შესაძლებლობა, ყველამ ერთად ვუყუროთ ჯერ ეგზიტპოლებს და შემდგომ უკვე ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოცხადებას.

“დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლები და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვევა და ცესკოში არიან ადამიანები, რომლებიც წითელ ხაზს არ გადალახავენ და არ დაჰყვებიან ხელისუფლების სურვილს არჩევნების შედეგები კორექტირებული და გაყალბებული იყოს,” – ამბობს წიკლაური.

მისი თქმით, ბოლო სამი არჩევნების დროს ცესკოს შედეგს დაემთხვა “რუსთავი 2”-ზე გამოცხადებული ეგზიტპოლები, მხოლოდ 1-2%-იანი სხვაობა იყო და სწორედ ამიტომაც თვლიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მათთვის საყურადღებო იქნება “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი.

ის ამბობს იმასაც, რომ აქ საუბარი არ არის მის მოლოდინს დაემთხვევა თუ არა არჩევნების შედეგები. თუ უხეში დარღვევები დაფიქსირდება და სადამკვირვებლო ორგანიზაციები იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა, “ნაციონალური მოძრაობა” “რუსი ოლიგარქის” წინააღმდეგ პროტესტის ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. უფრო მეტიც, თვლის, რომ შესაძლოა გაყალბების ლოზუნგით გამოსულ “პატრიოტთა ალიანსის” გვერდითაც კი იფიქრონ გაპროტესტებაზე.

“ჩვენს პარტიას პოლიტიკურად არავითარი საერთო არ აქვს “პატრიოტთა ალიანსთან” და ამდენად ძალიან ძნელადაა შესაძლებელი დაიგეგმოს ჩვენი და მათი ერთობლივი აქციები. თუმცა, ამასთანავე ვამბობ, რომ თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ეს პარტიული საკითხი კი არ იქნება, არამედ გამოწვევა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ხმებს გაუყალბებენ და წინა პლანზე პარტიები კი არ იქნებიან, არამედ ამომრჩევლები,” – აღნიშნავს წიკლაური.

“პატრიოტთა ალიანსი” ორივე ეგზიტპოლს უნდობლობას უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის ღამის 8 საათზე ისინი საკუთარი აქტივისტების მობილიზებას იწყებენ, რადგან მათი აზრით, ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აპირებს გააყალბოს არჩევნები და მათი პარტია ბარიერს მიღმა დატოვონ.

“ჩვენ პრევენციის მიზნით ვიკრიბებით, რომ მერე გვიან არ იყოს. თუ ვნახავთ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენი გამოსვლები მარტივად არ დასრულდება. თუ ხელისუფლება ნორმალურ და გამჭირვალე არჩევნებს ჩაატარებს, არავის აქვს სურვილი, ქუჩაში იყოს. ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ ხელისუფლებამ ცესკოს დაანებოს თავი და ობიექტური შედეგი დაიდოს და თუ სადმე იქნება გადასანაცვლებელი, ამას შემდეგ დავადგენთ,” – აცხადებს თევდორაძე.

8 ოქტომბრის ღამე

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ორი განსხვავებული ეგზიტპოლი დაიდება და რეიტინგების ომი, რაც აქამდე გვქონდა, ახლა ეგზიტპოლების ომში გადავა. ეს გადაიზრდება თუ არა სხვა ომში, ამაზე პროგნოზი უჭირს.

“დაპირსპირებისთვის რომ ეს ეგზიტპოლები გარკვეულ ნიადაგს ქმნის, ფაქტია. თუმცა 8 საათის შემდეგ ააფეთქებენ რამესო რომ ვთქვა, არ ვიქნები სწორი. თუმცა სოციოლოგიას საქართველოში ტყუილად არ აკეთებენ, ეს გამოცდილება გვაქვს და ამ გამოცდილების ფონზე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეგზიტპოლები იქნება ერთ-ერთი არგუმენტი იმის, რა არის დამაჯერებელი.

“მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსმა” თქვა, თუ არჩევნები გაყალბდება, ჩვენს ხმებს დავიცავთო. არ არის იმის ნიშანი, რომ არჩევნები გაყალბდა? რაღაცით ხომ უნდა იხელმძღვანელონ? ერთ-ერთი არის ის, რომ ეგზიტპოლს არ ემთხვევა მოლოდინი. არის კიდევ სხვა ნიშანი, ინციდენტები დაფიქსირდება თუ არა, პარალელური დათვლა რა შედეგს მოიტანს და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი თვალშისაცემი ეგზიტპოლებია. ასე რომ, ეგზიტპოლები თავის თავშიც შეიცავს რევოლუციურ მუხტს, მაშინ როდესაც რევოლუციის მსურველი პარტიები არსებობენ.

“ვიცით, რომ ამგვარ მინიშნებას ხშირად ჰქონდა ადგილი “ნაციონალებთან” დაკავშირებით. საუკეთესო შემთხვევაში, ქუჩაში იქნება მიტინგები. თუ ბევრი ხალხი დაგროვდა, გამორიცხული არ არის, შენობებში შეჭრა გადაწყვიტონ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. თუმცა რევოლუციის მუხტი არ არსებობს და ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ვნახეთ,” – ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ განსხვავებული ეგზიტპოლები არჩევნების შედეგზე არ იმოქმედებს, მაგრამ ის უკმაყოფილებისა და დაძაბულობის მუხტს გაზრდის.

“ყველა ტელევიზია, აქვს რესურსი თუ არა აქვს, აქვს ინტელექტუალური პოტენციალი თუ არ აქვს, ყველა ამ ეგზიტპოლს გვთავაზობს. ეს დამთრგუნველია. ჩემთვის მიუღებელია ერთი ციცქნა ქვეყანაში, სადაც თითზე ჩამოსათვლელია წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, ყველა კანტორა და დუქანი თავის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს იწყებდეს. ეს არის პროვინციალიზმი,” – ამდენ ეგზიტპოლებს მიუღებლად მიიჩნევს სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ სიტუაცია აჭრილია, ყველა რაღაცას იმუქრება და არ სურს 8 ოქტომბერზე პროგნოზის გაკეთება.

მისი თქმით, 4-5 პარტია უკვე ზეიმობს პირველ ადგილს, ალბათ საბანკეტო დარბაზებიც დაჯავშნილი აქვთ და შამპანურის ბოთლებიც მომზადებული და ეს არასოლიდურია. მისივე ვარაუდით, მართალია, ყველა რაღაცას იმუქრება, მაგრამ არაფერი მოხდება.

სოსო ცინცაძე: “ყველა იმუქრება – თუ პირველი არ გავედი, ნახეთ, რას ვიზამო, მაგრამ კონკრეტულად რაიმეს თავი არც ერთს არ აქვს.

“მათ მუქარაზე ჩემი ახალგაზრდობის ანეკდოტი მახსენდება. მეგრელებთან სტუმრად მისულ რაჭველ კაცს ცხენს პარავენ. მეორე დღეს რაჭველი დგას და იმუქრება: თუ ჩემს ცხენს არ მომიყვანთ, ნახავთ, რას ვიზამ, ნახავთ რას ვიზამ. მეგრელებს შეეშინდებათ და ბოლოს მიუყვანენ ცხენს, თან ეკითხებიან, რომ არ დაგვებრუნებინა, მაინც რას იზამდიო. რას ვიზამდი და ფეხით წავიდოდიო – უპასუხა რაჭველმა.

“ასეა აქაც – ვინ გამოიყვანს ბარიკადებზე ასასვლელად გინდ 10 ათასს კაცს?! გამორიცხულია. ამის მუხტი, ლიდერი და პოტენციალი არ არსებობს. ამიტომაც არც აჯანყება და არც რევოლუცია არ იქნება. იქნება მხოლოდ მცირე აქციები და გაბრაზებული განცხადებები. მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შეეძლოთ იმათ, ვისაც რაღაც არეულობა უნდოდა, უკვე გააკეთეს. მაქსიმუმი იყო მანქანის აფეთქება, ამის ზევით არაფერი არ მოხდება”.

წყარო: „რეზონანსი“

იტვირთბა....