აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„თარგამაძის ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ, აფეთქება ბევრად მასშტაბური იქნებოდა“  

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტთან სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიასთან

საინტერესოა, ისხდნენ თუ არა საერთოდ ავტომობილში ადამიანები? -დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების სავარაუდო ვერსიებზე „მეტრონომს“ ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

გივი თარგამაძის სედანის ტიპის ავტომობილი გუშინ კოლმეურნეობის მოედანთან აფეთქდა. დეპუტატის განცხადებით, ის და მისი მძღოლი მანქანაში წინ ისხდნენ, ხოლო აფეთქებამ ავტომობილს უკანა მხარე მოგლიჯა. აფეთქების შედეგად მანქანის სიახლოვეს მყოფმა ხუთმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. თავად დეპუტატი მცირე ნაკაწრებით და სავარაუდო კონტუზიით რამდენიმე წუთში ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მომხდარის შესახებ საუბრობდა.

რა დაზიანებებს იღებს ადამიანი ამგვარი აფეთქების შედეგად და რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო სავარაუდოდ გამოყენებული, ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „მეტრონომს“ ვერსიებზე ესაუბრა.

„მეტრონომი“: დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შედეგად სამწუხაროდ დაზიანდნენ მანქანასთან მყოფი ადამიანები, თავად თარგამაძემ საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიიღო. რა შეგვიძლია ამით ვთქვათ, როგორი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო?

ვახტანგ მაისაია: სავარაუდოდ, ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა უკანა მხარეს, ძარაზე იყო დამაგრებული. მისი სიმძლავრის მიხედვით, შეიძლება ეს იყო ამონალის ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება. რამდენ პროცენტ ტროტილს შეიცავდა, ამაზე საუბარი რთულია, ამას ექსპერტიზა სჭირდება. თუმცა ჩანს, რომ ეს გათვლილი არ იყო დიდ მსხვერპლზე. ეს უბრალოდ მცირე აფეთქების, ან აფეთქების იმიტაციის განხორცილებისთვის გაკეთდა. რეალურად, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ, აფეთქება ბევრად მასშტაბური იქნებოდა  და მსხვერპლიც დიდი რაოდენობით იქნებოდა.

ხელყუმბარა უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ამას დიდი აფეთქება მოჰყვებოდა. მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. შესაძლებელია კუსტარულად დამზადებულიც, ან დისტანციური მართვის პულტით. ამას ეფექტის მოხდენის მიზანი ჰქონდა და არა – მსხვერპლის გამოწვევის.

 

–  როგორი უნდა ყოფილიყო ამგვარი აფეთქების შედეგად მანქანაში მჯდომი ადამიანის მდგომარეობა?

– ეჭვი მეპარება, ავტომობილში ისხდნენ კი ადამიანები? აფეთქების შედეგად ავტომობილი მთლიანად სერიოზულად არის დაზიანებული. გივი თარგამაძის სახეზე კი რა დაზიანებებიც ვიხილეთ, აფეთქების სიძლიერის გათვალისწინებით, არ იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ის მანქანაში იყო. როგორც ჩანს, ავტომობილში არავინ იჯდა და თარგამაძე სადმე, ახლო-მახლოს იყო. მანქანაში მჯდომი ადამიანის დაზიანება საკმაოდ სერიოზული იქნებოდა. მითუმეტეს, რომ თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა საკმაოდ მძლავრი იყო. ის, რომ ხუთი-ათი მეტრის რადიუსში მდგომი ადამიანები დაზიანდნენ და ავტომობილში მსხდომნი – არა, ეს ფანტასტიკაა.

მას საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მაინც ექნებოდა, ასევე ჭრილობები უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. სხეულის შიგნით დაზიანება უნდა ჰქონოდა და რაც მთავარია, აფეთქების შემდეგ, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ინტერვიუების მიცემა, გამორიცხულია. აფეთქების შედეგად ადამიანი შოკს იღებს, აქედან გამოსვლას ერთი საათი მაინც სჭირდება. თუ კონტუზიასაც იღებს, ადამიანი, გამორიცხულია ამ დროს ინტერვიუს მიცემა.

– ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, თარგამაძემ კონტუზიაც მიიღო.

– მცირე კონტუზიას იღებს ადამიანი მაშინ, როცა ღია სივრცეშია, ანუ ავტომობილში არ იმყოფება და აფეთქება სასმენ აპარატურას მსუბუქად აზიანებს. ავტომობილში მჯდომი ადამიანის კონტუზიის მიღების ვარიანტი სერიოზული იქნებოდა და ეს მის მეტყველების უნარზეც აისახებოდა.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე, ვის ინტერესებშია სავარაუდოდ ეს აფეთქება? გაჟღერდა ვერსია, რომ შესაძლოა ეს პირადი, კრიმინალურ სამყაროსთან არსებული დაპირისპირების გამოც მოხდა.

– კრიმინალური დაპირისპირებაც არ არის გამორიცხული. კრიმინალურ საზოგადოებაში არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებია თუ არ არის არჩევნები, ყველას შესაბამისი უნდა მოეთხოვოს -ასეთი პრინციპია. არ არის გამორიცხული ეს შეშინების ვარიანტი იყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ პოლიტიკურ ფონზე ეს კარგად გამოიყენა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ.

 

მანა ნოდია

იტვირთბა....