“მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლება ჩვენ ვართ, ჩვენს ოპოზიციაში კი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ის ამ განცხადებით დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც მასსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის შედგა.
მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერი გაკეთებულია მის მიერ, თუმცა მას ის უკვე განადგურებული ჰქონდა.
„მე მინდა ახლა ეთერში გავნაცხადო, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ, არა ტელეფონით, ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემ მიერ ფარულად. მოვლენები, რომელიც ჩანაწერშია, ხდებოდა დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ. თავისთავად ცხადაია, მე ჩემს კოლეგებს ვესაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა შეხვედრა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა. მივიღე რჩევად, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ შემდეგში პროვოკაციის მსხვერპლი არ გავმხდარიყავი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თქმული გამოგვეყენებინა მტკიცებულებად.
ყველაზე უფრო მეტად პრობლემატური ჩემთვის არის ის, თუ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი ქსელში. პრობლემა არის იმდენად, რამდენადაც, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა. იყო ჩემს კომპიუტერში დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში. მე ახლა საერთოდ აღარ მაქვს ეს კომპიუტერი“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც კიბერდანაშაული ჰქვია.
„მე მამუკა ახვლედიანს ვაძლევ გარანტიას, რომ თუ მას რამე აქვს სათქმელი მის პირად უზრუნველყოფას როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური კუთხით, ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით სუს-ს ან გარედან გააქვს მასალები ან შიგნით ჰყავს ვინმე შეგზავნილი. ასევე მან განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ მისი პერსონალური მეილებიც გატეხეს და გამოაქვეყნეს.