ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობისთვის“ ეს იქნება ბოლო არჩევნები: ლევან ბერძენიშვილი ბოკერიას პასუხობს

 

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია მყარია და ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მეორედ მოხდება, ჟურნალისტებთან ეხმაურება:

„ადამიანს აქვს ერთ-ერთი შესანიშნავი უნარი – წარმოსახვა. წარმოსახვას ბევრი კითხვა უწყობს ხელს და მინდა, შევახსენო ჩემს ძველ მეგობარს, მას წარმოსახვა გასავითარებელი აქვს. ეს ყველაფერი გავლილია. იმისთვის რომ მოიგო, არ არის საკმარისი ასეთი სახუმარო ტექსტებით ილაპარაკო. ამისთვის საჭიროა არჩევნებში სერიოზულად გამარჯვება. ის არ იქნება გამარჯვებული. საწყენია, რომ ვერ ანგარიშობენ. მე არ მეწყინება. მე მიმაჩნია, რომ რახან სააკაშვილისგან გამიჯვნა ვერ მოახერხეს, ეს პარტია მიდის დასასრულისკენ. როგორც ჩანს, ეს იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც ექნებათ რაღაც შედეგი, მაგრამ ისეთი არა, რომ ვინმეს ამნისტია ეკითხებოდეთ. ეს არის მოდელირებული მომავალი, როცა მათ გაიმარჯვეს, არიან გულკეთილები და აღარ აპატიმრებენ მოწინააღმდეგეებს“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ბოკერიას განცხადებით, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“:

„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში, პირდაპირი ჩართვისას.

იტვირთბა....