ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„11 ტელეკომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წესის დარღვევით აქვეყნებს“

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო ცხრა ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა, ორ ტელეკომპანიას კი უახლოვეს დღეებში შეუდგენს.

 

ეს ტელეკომპანიებია:

 

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“  –  ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“;

შპს „ტელეიმედი“;

შპს „სტარვიზია“;

შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;

შპს „“ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;

შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“;

შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“

შპს „სტუდია მაესტრო“

შპს „პირველი სტერეო“.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არცევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების დროს კვლევასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციაც უნდა გამოქვეყნდეს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის ფაქტები წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის (08.06.2016-08.07.2016) გამოქვეყნების დროსაც დააფიქსირა. მონიტორინგს დაქვემდებარებული მაუწყებელთა უმრავლესობას კვლევის შედეგები კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით ჰქონდა გამოქვეყნებული, ამიტომ კომისიამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მაუწყებლებს სამომავლოდ გაეთვალისწინებინათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებები. მიუხედავად, აღნიშნული გაფრთხილებისა და განმარტებისა ტელემაუწყებელთა უმრავლესობამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კვლავ წესის დარევით გამოაქვეყნა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

 

იტვირთბა....