წუხელ ღამით მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, – ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა, გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია.
დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანერბულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები.
პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვითარებას. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები.