ექსკლუზიური ინტერვიუ: რამდენი მგზავრის ფეხზე დაყენების უფლება აქვს მიკროავტობუსის მძღოლს
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის ბევრი სიახლეა: შემოდის ახალი, თანამედროვე და კომფორტული ავტობუსები, მიმდინარეობს მოლაპარაკება ავტოსადგომების ასაშენებლად და ელექტრომობილების მფლობლებიც, მცირე რაოდენობის მიუხედავად, ავტომობილების ცენტრში დატენვას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
მიუხედავად ამ სიახლეებისა, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, პიკის საათებში საცობებთან ერთად, მგზავრებით გადატვრითული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე „მეტრონომს“ ამ პრობლემების მოგვარების უახლოეს გეგმებზე ესაუბრა:
„მეტრონომი“: ბატონო მამუკა, ახალი ავტობუსები რა მარშრუტს დაიკავებენ და როდის იგეგმება შემდეგი ნაკადის შემოყვანა?
მამუკა მუმლაძე: 10 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და ბაზაზეა განთავსებული. ეს 10 ავტობუსი ივლის 61 ნომერ მარშრუტზე, რომლის პირველი ლოკაციაა ბაგებში სტუდქალაქი, გამოივლის ჭავჭავაძის, რუსთაველის, პუშკინის ქუჩას და ბარათაშვილის ხიდს. შემდეგი ეტაპი ხელშეკრულებით არის იანვრის თვე. ჩამოვა 13 ერთეული და გათვალისწინებულია 51 ნომერ მარშრუტზე, რომლის დასაწყისი ლოკაციაა სოფელი გლდანულა. გაივლის გლდანს, დიღმის მასივს, წერეთლის გამზირს, ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდს, სააკაძის მოედანს, კოსტავას, პეკინს, ვარაზისხევს, ჭავჭავაძეს და ბაგებს. რაც შეეხება დანარჩენ მარშრუტებს, ერთ-ერთი იქნება 37 ნომერი, რომელიც ემსახურება აეროპორტს და კახეთის გზატკეცილს. გამოივლის ავლაბარს, რუსთაველს და მიდის სადგურის მოედანზე. დანარჩენ მარშრუტებს დეკემბერში გავახმოვანებთ. თებერვლის ბოლოს 60 ერთეული ჩამოვა, მარტის ბოლოს კიდევ 60 ერთეული, ჯამში სულ 143 ავტობუსი შემოვა.
– ახალი ავტობუსები ძველს ჩაანაცვლებენ თუ დაემატებიან?
– ჩაანაცვლებენ ძველ ავტობუსებს. 61 ნომერზე ახლა მუშაობს 10- მეტრიანი ავტობუსები. მათ გავაჩერებთ და გადავანაწილებთ იმ მარშრუტებზე, რომლებსაც უჭირს. მაგალითისთვის, ორხევში, სადაც მგზავრობის მოთხოვნა არის. დღეს დედაქალაქში სულ 512 ავტობუსი დადის და ახალი ავტობუსების დამატებით 600-მდე ვზრდით მათ რაოდენობას. გარკვეული რაოდენობის ავტობუსები, რომლებზეც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა ჩამოიწეროს, ხაზზე აღარ გავლენ. ავტობუსების შეძენაზე 34 მილიონი ლარი დაიხარჯა.
– გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლების ნაწილი პროტესტს აცხადებს ახალი ავტობუსების მართვაზე, მათი დიდი გაბარიტების გამო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– ახალი ავტობუსების მართვაზე პრობლემა არ ყოფილა. მძღოლები კომისიამ შეარჩია. პირიქით, ბევრი მსურველი იყო. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. ერთ-ერთი პირველი მძღოლი იქნება ქალბატონი, რომელიც 61 ნომერ მარშრუტზე დაიკავებს მძღოლის ადგილს.
– ახალი 12–მეტრიანი ავტობუსები საცობების პრობლემას კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავებს?
– საცობების მიმართულებით ცალკე სტრატეგია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სხვა ხელისშემშლელი პირობებია, რომელსაც ალბათ ერთ თვეში გავიტანთ მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ დაგვიმტკიცებენ, რადგან კარგი დასაბუთება გვაქვს. კერძოდ, დედაქალაქში შემოედინება ათასობით მიკროავტობუსი, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ. ისინი გადიან ჭავჭავაძეზეც, წერეთელზეც და ა.შ. შემუშავებული გვაქვს სქემები, რომლის მერეც ამ ავტობუსებს კონკრეტული მარშრუტები ექნებათ. მაგალითად, ვეღარ გაივლიან წერეთელზე და მათი მარშრუტი სხვა გზა იქნება. ამის შემდგომი ეტაპია ავტოსადგომების მოწესრიგება. კანონპროექტიც დამუშავებულია, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგომი ვერ აიღებს ნებართვას, თუ დედაქალაქის მერიამ არ მისცა ფუნქციონირების უფლება. გადაიხედება დღეს არსებული ავტოსადგომებიც.
– მგზავრთა ნაწილი პიკის საათებში სამარშუტო ტაქსების გადატვირთულობას აპროტესტებს. მძღოლები ხშირად ზღვარგადაცილებული რაოდენობის მგზავრს ათავსებენ მიკროვატობუსში. მგზავრების რა რაოდენობა შეუძლია მძღოლს ფეხზე დააყენოს და რის შემდეგ ჯარიმდება?
– მძღოლს შეუძლია 5 ერთეული მგზავრის ფეხზე დაყენება. ამის შემდეგ ჯარიმა იწერება.
– ვინ წერს ჯარიმას და როგორ ხორციელდება მონიტორინგი?
– სანქციის და ჯარიმის ფორმა არსებობს. მონიტორინგის ჯგუფი არის, რომელიც მოძრაობს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმას წერს. როგორც ვიცი, იწერება ჯარიმები, თუმცა, ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს…
– მგზავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხაზებზე მიკროავტობუსების დამატების აუცილებლობა დგას. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– სწორედ ამიტომ შემოგვყავს ავტობუსები. ახალი ავტობუსები 12 მეტრიანია, შესაბამისად მეტი ფართია მგზავრისთვის და მიკროავტობუსზეც კომფორტულია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მგზვრი მეტ აქცენტს ახალ ავტობუსებზე გააკეთებს. 600 ერთეულმა სამგზავრო ავტობუსმა სამუშაო საათებში მგზავრებით გადატვრთულობა წესით უნდა მოხსნას.
– რამდენად შეესაბამება რეალობას ინფორმაცია, რომ მიკროვატობუსების ელექტროავტობუსებით ჩანაცვლება იგეგმება?
– გუშინ მქონდა სწორედ საუბარი ბათუმის ავტობუსების ხელმძღვანელთან. ისინი აცხადებენ ტენდერს, რომ ბათუმმა შეიძინოს 10 ელექტროავტობუსი. ეს ძალიან კარგი გეგმაა. ჩვენც არ ჩამოვრჩებით ბათუმს და ორი ლოკაცია ჩნდება თბილისში, სადაც ელექტროდამტენები იქნება-ეს არის ევროპის მოედანი და კუს ტბის ასასვლელი. თბილისში 12 ელექტროავტომობილი მოძრაობს, როგორც ვიცით. ელექტროავტობუსები თბილისში კი მომავლის თემაა.
– რაც შეეხება ტაქსების დაანონსებულ რეგულაციას, ამ მხრივ სიახლე გაქვთ?
– ეს დროის ფაქტორია. თუ ავტობუსების რაოდენობა არ გაიზარდა და მეტროს რესურსის სრულად გამოყენება არ მოხდა, ტაქსებზე რეგულაციის შემოღება ნაჩქარევია. როცა ამის დრო დადგება, გადასახადი მიზერული იქნება. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ტექნიკურად გამართულ ტაქსიზე და ჯანმრთელ მძღოლზე. შემდეგ ეტაპებს დრო გვაჩვენებს.
– ფიქრობთ, რომ მეტროს რესურსი სრულად არ არის გამოყენებული?
– მეტროში ძალიან დიდი რესურსია. 3 წუთნახევარია ინტერვალი პიკის საათებში, რომელიც გვინდა 2 წუთნახევრამდე დავიყვანოთ. ამას ვაგონების დამატება სჭირდება. მეტროს მიმართულებით 11 მილიონი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა 12 ერთეული ვაგონი. თვენახევარში კიდევ 8 ვაგონი განახლდება. 2 მილიონი გამოყოფილია რამდენიმე მეტროსადგურის კაპიტალურად შეკეთებისთვის. ესენია: ვარკეთილი, ავლაბარი და ახმეტელი. რაც შეეხება მარჯანიშვილს, გურამიშვილს, სადგურის მოედანს და სამგორს, ამ მეტროსადგურების შეკეთების დაპროექტება მიმდინარეობს და შემდეგ ტენდერი გამოცხადდება.
– როდის გაიხსნება კუს ტბის საბაგირო გზა?
– კუს ტბის საბაგირო გზა უკვე სატესტო რეჟიმშია. 30 რიცხვისთვის თითქმის ყველა სამუშაო იქნება დასრულებული და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მგზავრს მისცემს უფლებას, რომ გადაადგილდეს. აქტიური სამუშაოები მიდის მთაწმინდის საბაგიროზე, რომელიც რუსთაველიდან დაიწყება და მთაწმინდას დაუკავშირდება. გეოლოგიური სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მომავალი წლის ზაფხულისთვის ისიც უნდა ამოქმედდეს.
მანა ნოდია