„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან ბურჭულაძესთან განშორების შემდეგ
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკი “სახელმწიფო ხალხისთვის” ამჯერად არა რიგითმა წევრებმა თუ კოორდინატორებმა, არამედ ბლოკში შემავალმა სუბიექტმა “გირჩმა” დატოვა. ბურჭულაძესთან “გაყრა” ამ შემთხვევაშიც ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. “გირჩის” ლიდერმა” ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბურჭულძე ფულის მიტანას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში “გირჩის” წევრების სიიდან ამოღებით ემუქრებოდა.
“მეტრონომთან” საუბარში “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “მსოფლიო ბანს” მისი სიაში ჩასმა თავიდანვე არ სურდა, თუმცა პარტიის წევრების მტკიცე პოზიციის გამო იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.
როგორც ხვიჩია ამბობს ბურჭულაძეს მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსები არ მოსწონდა.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფულზე, ბურჭულაძის ბლოკში არსებულ პრობლემებსა და “გირჩის” პერსპექტივებზე ჩვენ იაგო ხვიჩიას ვესაუბრეთ.
„მეტრონომი“: ჯაფარიძემ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ბურჭულაძეს არ მოსწონდით სოციალურ ქსელში თქვენს მიერ დაწერილი სტატუსები დაასახელა. შეგიძლიათ გვითხრათ რას წერდით მასზე და კონკრეტულად როდის გააკრიტიკეთ მომავალი პარტნიორი?
იაგო ხვიჩია: ბურჭულაძეზე სტატუსებს პერმანენტულად ვწერდი და როგორც ვიცი ბლოკში გაერთიენების შემდეგაც ერთი სტატუსი არ მოეწონა. მე ზოგადად ხატებით “მოფრენალი” კაცი არ მომწონდა და ამის შესახებ ვწერდი, რადგან ეს ფარისევლობის გამოვლინებად მიმაჩნდა. სწორედ ეს იყო პაატა ბურჭულაძისთვის მიუღებელი. ამის გამო ის თავის დროზე ითხოვდა, რომ მე სიაში არ ვყოფილიყავი, რადგან როგორც ის ამბობდა, შეურაცხყოფილი იყო.
შემდეგ ამ ამბავმა თითქოს ჩაიარა, რადგან გასაგებად უთხრეს, რომ “გირჩის” სიას პაატა ბურჭულაძე არ აკომპლექტებდა. თითქოს ეს ამბავი მიწყნარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რაც მოხდა. არ მგონია მხოლოდ სტატუსები ყოფილიყო მიზეზი. პაატა ბურჭულაძე ვაჭრობდა, რომ თუ მე სიაში ვიქნებოდი ფული უნდა გადაეხადა “გირჩს”. ანუ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ფულამდე დადიოდა. მისთვის პრობლემა არ იყო, შესაძლოა სიაში სხვა ვინმეც ჩაგვესვა, უბრალოდ ფული უნდა გადაგეხადა. განხეთქილებაც საბოლოო ჯამში თანხას დაუკავშირდა.
– სტატუსების საკითხი რომ ამოვწუროთ… თქვენი ინფორმაციით, ვინ აწვდიდა ინფორმაციას თქვენი სტატუსების შესახებ?
– ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება მიეწოდებინა მისთვის ეს ინფორმაცია. შესაძლოა “გირჩს” ჰყავდეს ეჭვმიტანილები, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– როდესაც “გირჩის” სია გადაეცა და ნახა, რომ პარტიულ სიაში მე-2 ადგილზე იყავით, მაშინ იცოდა თქვენი სტატუსების შესახებ თუ მოგვიანებით გახდით მისთვის მიუღებელი?
– მანამდე ვიდრე გაიგებდა, რომ ბლოკის სიაში მე-6 ვიქნებოდი, მანამდე იყო ერთი ბატალიები ჩემი სიაში ჩაწერაზე. უბრალოდ მაშინ მან თავისი ვერ გაიტანა. მისთვის მაშინაც მნიშვნელოვანი იყო ფული. მაშინაც არსებობდა მის პარტიაში დავალიანება და ამ დავალიანების ნაწილი ჩვენ გადავიხადეთ. პაატა ბურჭულაძე რა ვალდებულებასაც იღებდა, იმას მე კი არა, ვერავინ გადაიხდიდა. აცხადებდა, რომ კოორდინატორებს 500 ლარი უნდა ჰქონოდათ. ის სწორედ ასე კრებდა ხალხს. ზოგადად ბურჭულაძეს ეს ვალდებულებები იმისთვის არ აუღია, რომ შეესრულებინა. მის პარტიაში მენეჯმენტი დაულაგებელი იყო. მას შემდეგ რაც ცოტა დავალაგეთ მენეჯმენტი და გუშინ სიაში ცვლილებებისთვის ბოლო დღეს იყო, მან უკვე შანტაჟს მიმართა.
– ანუ გუშინდელი გადაწყვეტილება თქვენთვის მოულოდნელი იყო?
– დიახ მოულოდნელი იყო. მე მაგალითად გუშინ “რუსთვი 2”-ის ეთერისთვის ვემზადებოდი. დაახლოებით 8 საათისთვის გავიგეთ ეს ამბავი. ბურჭულაძემ ჩვენი პარტიის ლიდერებს 6 საათზე უთხრა, რომ ასეთ რაღაცას აპირებდა. მანამდე მე და პაატა ბურჭულაძე სამეგრელოს ტურნეში ერთად ვიყავით. საბოლოო ჯამში, ბურჭულაძისთვის ყველაფერი ფულამდე დადის. მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება თუ ფულს გადაიხდი. ეს მისი მიდგომა იყო. ჩვენ ვიცოდით ვისთან გვქონდა საქმე. ვიცოდით, რომ ვიყავით მატყუარა ადამიანთან, რომელიც ფულის გამო ყველაფერს გააკეთებდა. პარტნიორობა რომ არჩევნებამდე მიგვეყვანა, ამისთვის მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ.
– როგორც მივხვდი თქვენ იყავით ბურჭულაძისთვის პერსონალურად მიუღებელი. გიფიქრიათ იმაზე, რომ უარი გეთქვათ პარტიულ სიაში ყოფნაზე, რათა თქვენი თანაგუნდელების ნაწილი მაინც შესულიყო პარლამენტში?
– იაგო არ იყოს სიაში ამას ბურჭულაძე ამბობდა 8 სექტემბრამდე. ზურაბ ჯაფარიძემ აუხსნა, რომ ან იქნებოდა ის სია რაც ჩვენ მივაწოდეთ, ან საერთოდ არ იქნებოდა კოალიცია. მაშინ ბურჭულაძე დათმობაზე წამოვიდა. გუშინ იაგო ხვიჩია მიზეზი არ ყოფილა. გუშინ პირდაპირ გვითხრა, თქვენ მოიტანეთ ამდენი ფული, სხვა შემთხვევაში სიას შევცვლი ისე, როგორც მე მინდა. ასეთი ლაპარაკი მარტო ჩვენთან არ ყოფილა, ასეთი საუბარი იყო გიორგი ვაშაძესთან და გიორგი განცხადებას ამაზე თვითონ გააკეთებს. ჩვენთვის ცხადია, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ტრიბუნა და მისი დაკარგვა არ გაგვხარებია. ამ პარლამენტს არ ჰქონდა ფუფუნება, რომ ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურაბ ჯაფარიძე არ ჰყავდეს. პარტია, რომელსაც ერთპროცენტიანს ეძახდნენ და ყველა ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდა. ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის მკვლელობაც ჩვენ დაგვაბრალა მგონი. ამის მიუხედავად პოლიტიკურ კლიმატს ვქმნიდით ქვეყანაში.
– სწორედ ივანიშვილის ფაქტორზე მინდა გკითხოთ… „ნაციონალური მოძრაობა“ აღარაა ის ერთადერთი ძალა, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი გაფინანსებთ. ეს ბრალდებები სხვადახვა პოლიტიკური ძალებისგანაც ისმის. ბურჭულაძემაც გუშინ სწორედ ეს მიზეზი დაასახელა. რატომ გაკავშირებენ ყოველთვის ყოფილ პრემიერთან? გახსოვთ ალბათ, ივანიშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ღიად შეაქო ზურაბ ჯაფარიძე. მეთანხმებით ალბათ, რომ მსაგავის შეფასებები ივანიშვილს ოპონენტების მიმართ არ ახასიათებს…
– თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ რომ კაცი არ მოგიკლავთ?! თეორიულად შეგიძლიათ დაადასტუროთ? მე იურისტი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ შეუძლებელია იურისპოდენციაში ამტკიცო ის რომ რაღაც არ გაგიკეთებია. ანუ იურისპოდენციაში შესაძლოა დაგიმტკიცონ, შენ რომ რაღაც არ გაგიკეთებია, მაგრამ შენ რომ რაღაც ჩაიდინე ეს შეიძლება დაგიმტკიცონ. ეს საკითხი სერიოზული საერთოდ არ არის.
ბიძინა ივანიშვილის ნარატივი გუშინ პაატა ბურჭულაძემ შემოაგდო. რაღაც ხომ უნდა ეთქვა?! ხომ არ იტყოდა ზურაბ ჯაფარიძეს და პალიკო კუბლაშვილს ფული მოვთხოვეო?! თურმე გუშინ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი გვაფინანსებდა. აქამდე რომ ფული აიღო ჩვენგან და ჩვენ რომ წინასაარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად დავაფინასეთ, მაშინ რატომ არ გაუჩნდა ეს კითხვა? ეს ხომ არასერიუზულია. გუშინ 27-ში, როცა 28 სექტემბრამდე სიები იცვლება მაშინ მიხვდა ბიძინას ფულზე. ჩვენ ერთი წელი დაგვჭირდა „ნაცმოძრაობის“ იარლიყის მოსახსნელად. ახლა „ნაცმოძრაობის“ ზეიმს რომ დაინახავს სულელის გარდა ვერავინ დაიჯერებს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი ვართ. ვიღაცები მართლა იქნებიან ალბათ, რომლებიც პაატა ბურჭულაძეს დაუჯერებენ. ზოგადად, პაატა ბურჭულაძეს ძალიან გაუჭირდება დაანახოს ქართულ საზოგადოებას ვინ არის თვითონ. რადგან საერთოდ არ იქნება იმაზე საუბარი ვისი კაცია პაატა ბურჭულაძე, იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პაატა ბურჭულაძე უბრალოდ არ იარსებებს.
– ანუ ფიქრობთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება?
– ბარიერს გადალახავს, ალბათ. თუმცა მხოლოდ ბაროერის არ არის. მას ბევრი ვალდებულება აქვს. თუნდაც კოორდინატორებთან. მათ ეს ადამიანები საერთოდ არ აინტერესებს და მან ეს ადამიანები დიდი ფულით უბრალოდ ერთხელ აღაგზნო. ვთქვათ გადალახა ბარიერი, თქვენ როგორ ფიქრობთ მისი გუნდიდან რამდენი ადამიანი დარჩება პარლამენტში შესვლის შემდეგ? გუშინ ბევრმა მათგანმა ეთერში შესვლის შემდეგ გაიგო რაც ხდებოდა. პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია და რაც ჰქონდა ისიც დაკარგა. მისი გუნდი ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან ამ ადამიანებმა იციან ვისთან აქვთ საქმე. როგორც მოიქცა მათი ლიდერი პატიოსან პარტნიორებთან, მათთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი.
– ნანობთ რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკში გაერთიანებდით იმისთვის, რომ პარლამენტში რამდენიმე მანდატი გქონოდათ?
– პაატა ბურჭულაძე ვინც იყო ეგ ვიცოდით, სადაც მივდიოდით ეგეც ვიცოდით. რომ გითხრათ, უი, მოვტყუვდი და არ მეგონა პაატა ბურჭულაძე ასეთი იყო მეთქი, ტყუილი იქნება. ფაქტია, რომ ჩვენ ვიცოდით რა ნაგავთანაც მივდიოდით. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ზოგადად პარლამენტი გვჭირდებოდა. მე მქონდა იდეა, რომ ჩვენ გაგვაჩნდა ისეთი იდეები, რომლებიც ელექტორატში პაატა ბურჭულაძის მხრიდან უკეთ გავიდოდა. ცხადია, მასთან გაერთიანება იყო შეცდომა. მთავარ შეცდომად ამას არ ვთვლით, მთავარ შეცდომად მივიჩნევთ, რომ წინასაარჩევნოდ დაგვჭირდა კოალიცია, რათა პარლამენტში მოვხვედრილიყავით. ჩვენ ხომ არ ვიცოდით რომ პაატა ბუღჭულაძე ამდენად სულელი იყო. ადამიანები ხომ საერთოდ რაღაც სტიმულებზე რეაგირებენ?! კი, შესაძლოა მე თქვენ არ მომწონდეთ, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩემთვისაც დამაზიანებელი იქნება.
– ბატონო იაგო, რამდენად კორექტულია, როდესაც ყოფილ პარტნიორებზე ასე საუბრობთ, ესეც პოლიტიკური გამოცდილების ნაკლელობაზე ხომ არ მიუთითებს?
– როდესაც ვიძახი სულელს, ამის კონკრეტული დასაბუთება მაქვს. თქვენ, როგორც რაციონალური ადამიანი, ფიქრობთ თუ არა, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საკუთარი პარტია და თანამებრძოლები დააყენო იმ რისკის წინაშე რომ ბარიერი ვერ გადალახო. სრულიად არადამაჯერერებელი არგულემეტის გარეშე მოშალო კონტრაქტი. ეს ნაბიჯები ხო სისულელეა და ამის ჩამდენი როგორ შეიძლება სულელი არ იყოს?“
მარიამ ვარადაშვილი