„მგონი აქ ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია. ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა ორი ფაქტის თაობაზე“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.
საქმე ეხება ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი „სათადარიგო მოთამაშეა“.
“მგონი აქ ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია. ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა ორი ფაქტის თაობაზე: ფაქტი ნომერი პირველი – ორ წელიწადში არის საპრეზიდენტო არჩევნები და ფაქტი ნომერი მეორე – თავად ბატონი ბიძინა, 60 წლის ვარო და საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო. ახლა ჩვენზეა, ამ ორ ფაქტს თუ დავაკავშირებთ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, მისი კოალიციაში ყოფნის პერიოდში იყო თუ არა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე პრეზიდენტის პოსტზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას ივანიშვილის ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე იყო.