„მეტრონომი“ განაგრძობს სხვადასხვა რაიონში არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას და მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. საპარლამეტო არჩევნებისთვის, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატებად 5 პარტიიდან იყრიან კენჭს. მათ შორის სამს, „მეტრონომი“ წინასაარჩევოდ გაგაცნობთ.
„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარ კანდიდატად მმართველმა პარტიამ გელა სამხარაული დაასახელა, რომელსაც აქამდე პარლამენტში თელავის მაჟორიტარად იყო წარმოდგენილი.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს შაქრო ტერტერაშვილი იყრის, ხოლო პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან – ზურაბ ნაცარაშვილი.
სამივე კანდიდატის ბიოგრაფია შემდეგია:
შაქრო ტერტერაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დაიბადა 1974 წლის 23 თებერვალს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში. პროფესიით იურისტია. 2008 წლიდან 2014 წლის 14 იანვრამდე იყო კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 2006-2008 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე; მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
გელა სამხარაული, „ქართული ოცნება“ – პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. დაიბადა 1970 წლის 4 სექტემბერს სოფელ იყალთოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის თბოგაერთიანებაში ზეინკლად; 1992-1996 წლებში – ფირმა „ალიდა“-ში; 1996-1998 წლებში იყო ქართულ-იტალიური „ინდუსტრიაბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1998-2000 წლებში – ქართულ-იტალიური კომპანიის შპს „საქართველოს“ კომერციული დირექტორი; 2000-2005 წლებში მუშაობდა შპს „ფალავანის“ კონსულტანტად; 2005 წლიდან საქმიანობდა ბიზნესში – იყო შპს „დია ალავერდის“ და შპს „დია გრუპის“ დირექტორი. 2012 წლიდან თელავის მაჟორიტარი დეპუტატია საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.
ზურაბ ნაცარაშვილი, „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, -1976 წლის 7 ივნისს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბადა. დამთავრებული აქვს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის კურსი. ამავე წლიდან 2015 წლის იანვრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, იყო პატრული ინსპექტორი და სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც 2016 წლის მაისში პაატა ბურჭულაძემ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დააფუძნა, ამ პარტიის წევრია.
„ქართული ოცნებიდან“ გელა სამხარაულის ბიოგრაფიაში წერია, რომ ბიზნესი დაიწყო ზეინკლობით და გახდა ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე საქართველოში. შემდეგ, 2012 წელს ალასანიას პარტიიდან იყარა კენჭი. თუმცა, მას მერე, რაც ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის თანამშრომლობა ვერ შედგა, სამხარაული „ოცნებაში“ გადავიდა. საქართველოს პარლამენტში ის დღემდე აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეა. ამავე დროს, გელა სამხარაული დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრია. რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, გელა სამხარაული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებს ფლობს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებს. ასევე, სამხარაული რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორიც არის – „დია ალავერდი“, „დია გრუპი“, „დუტა & F“ და „ვერა-2011“, თუმცა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მას აღნიშნული კომპანიებიდან რამდენიმე წელია შემოსავალი არ მიუღია.
მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემდეგ პირველი ქონებრივი დეკლარაცია გელა სამხარაულმა 2012 წლის 21 დეკემბერს შეავსო.
დეკლარაციის შევსების დროს, სამხარაულს ნაღდი ფულის სახით 20 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი ჰქონდა. გელა სამხარაულს „ბანკ ქართუში“ სახელფასო ანგარიშზე 11 200 ლარი ერიცხებოდა, „ბაზის ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე კი 1 080 ლარი.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, ანუ 2016 წლის 14 იანვარს, გელა სამხარაულს ბანკ „ქართუში“ სახელფასო ანგარიშზე 48 703 ლარი ჰქონდა, თი-ბი-სი და საქართველოს ბანკებში, მიმდინარე ანგარიშზე – 2093 ევრო და 4811 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 473 ლარი. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გელა სამხარაულს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 10 000 ლარი, 40 000 ევრო და 25 000 აშშ დოლარი.
გელა სამხარაულის ანაზღაურება 2015 წელს, აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან 62 790 ლარი იყო.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გელა სამხარაულის არჩევიდან 1 თვეში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მისივე თანასოფლელი (იყალთოს მკვიდრი) და მეგობარი ზურაბ ყურაშვილი დაინიშნა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ყურაშვილმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე, გამგეობის ყველა თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ უთარიღო განცხადებები დააწერინა. ეს ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან მან ასე განმარტა: „ეს დაუწერელი კანონია. როცა იცვლება ხელმძღვანელობა, ყველა წერს განცხადებას“.
ყურაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა ფეხმძიმე ქალებიც. გამგებელს, ორსული ქალების დარღვეული უფლებების აღდგენის რეკომენდაციით სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა გამგეობამ ომბუდსმენის რეკომენდაციის იგნორირება მოახდინა.
ზურაბ ყურაშვილის გამგებლობის პერიოდში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება იყო სტალინის ძეგლის აღმართვა ქალაქ თელავში, ე.წ. „ზუზუმბოზე“. სტალინის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს 2013 წლის 1 სექტემბერს. ამავდროულად, გელა სამხარაულის ცოლის ძმაა ქალაქ თელავის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე. 2014 წლის 24 მარტს, არჩილ თხლაშიძე ჯერ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. შემდეგ კი 2014 წლის 4 აგვისტოს თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
გელა სამხარაულის სახელს დაუკავშირდა ყოფილი დეპუტატთან, ზურაბ ზვიადაურთან დაპირისპირებაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამხარაულის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მას შემდეგ წავიდა, რაც ის არ დასახელდა ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატად.
„მეტრონომი“ მრავალჯერ შეეცადა გელა სამხარაულთან დაკავშირებას. მას როგორც ელექტრონულად, ასევე სხვადასხვა კონტაქტების საშუალებით ვთხოვეთ რამდენიმე კითხვაზე ეპასუხა და მკითხველისთვის თავი გაეცნო. საბოლოოდ, ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატს დავუკავშირდით.
როგორც გელა სამხარაული „მეტრონომთან“ აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ ყველა პარტიის კანდიდატისთვის თავისუფალი და თანაბარი გარემოა:
„არჩევნები ეს არის არის ქვეყნის სახე და ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული ამ პროცესების სამართლიანობით. ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური უფლებების ნების თავისუფლად გამოსავლენად, მსგავსი გარემო არ ჰქონიათ არც ერთი ხელისუფლების პირობებში. როდესაც ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ისურვებდა ასეთი კარგი საარჩევნო კამპანია და არჩევნები ამერიკაშიც იყოს, ამით ყველაფერი ნათელია. მახსოვს 4 წლის წინ მუდმივი მუქარის, ზეწოლის ფონზე ჩატარებული არჩევნები. არც ერთ ჩემს შეხვედრას ამომრჩეველთან ჩხუბის გარეშე არ ჩაუვლია. დღეს გვაქვს სულ სხვა მოცემულობა. მაგალითად მე, როგორც ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი, არ ვინტერესდები ჩემი ოპონენტების შეხვედრებით. თუმცა მიმაჩნია, რომ არც არის საინტერესო. ამომრჩეველს კარგი მახსოვრობა და განსჯის საღი უნარი აქვს. ვიცი, რომ პირადად ჩემი ლეგიტიმაციის საკითხი ამ პროცესზეა დამოკიდებული და მინდა რამდენიმე ალტერნატივის შემთხვევაში ხალხის ნებაყოფლობითი რჩეული ვიყო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია საჯარო-პოლიტიკური მმართველობის მაღალ სტანდარტზე, პოლიტიკური ხელისუფლების ფორმირებაც გვინდა საყოველთაო, თანასწორი, სამართლიანი, ფარული და თავისუფალი არჩევნების საშუალებით. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ვიზრუნეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. შევიტანეთ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სარჩევნო პროცესში დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გავხადეთ. შეიცვალა საარჩევნო უბანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი უწყებების გამოძახებისა და ყოფნის მოქმედი რეგულაციები. დავწიეთ კვალიფიციურ სუბიექტად განსაზღვრის ბარიერი, რითაც ოპოზიციურ პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შანსი გავუზარდეთ. ასე, რომ დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ ინდივიდს შეუძლია თავისუფლად, საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მიზნები და დააფიქსიროს მხარდაჭერა.“
კონკურენტების შეფასებისას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში ამბიციურია:
„თუ არ ვცდები 11 კანდიდატია. მაგრამ კონკურენტად ვერც ერთს ვერ მოვიაზრებ. თუ გადავხედავთ ოპონენტების დაპირებებს და შევადარებთ შესაძლებლობებს, დავინახავთ, რომ ამ დაპირებების შესრულება მსუბუქად რომ ვთქვათ, არარეალურია. არ შეიძლება ადამიანის მდგომარეობით მანიპულირება და ამომრჩევლის ნდობით სპეკულირება. პირადად მე, მაქვს ბრძოლის ჩემი ლოგიკა, რაც ყოველგვარ კონფრონცატიას და ტყუილს გამორიცხავს.“
გელა სამხარაული საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს, როგორც „დამაჯერებელს“:
„აუცილებლად და დამაჯერებლად გავიმარჯვებ. და არა მხოლოდ მე, მთელი ჩემი გუნდი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის სისტემური ცვლილებები, რომელთა გატარებაც უკვე დაწყებულია და რომლებიც გათვლილია ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე. ჩვენ ზუსტად განვსაზღვრეთ ეკონომიკურ- პოლიტიკური პერსპექტივები და დავიწყეთ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი რეფორმების გატარება. შევცვალეთ სოცილური პოლიტიკა, ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯანდაცვა და განათლება, გავხსენით საერთაშორისო ბაზრები, ხელი შევუწყვეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, მივეცით ბიზნესს განვითარების საშუალება, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ჩათვლით საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, თვალშისაცემია ტურისტული ნაკადის ზრდა, ყურადღება მივაქციეთ რეგიონებისა და სოფლების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, 2012 წლიდან დღემდე 3 მილიარდ 379 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა, საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებული და ელექტრიფიცირებულია თითქმის ყველა სოფელი, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ხორციელდება ენერგეტიკული პროექტები, გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის ძირეული რეფორმა, გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და პირობები, აღარ ხდება პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ავამოქმედეთ კანონები და შეღავათები, რომლებმაც ადამიანებს შეუმსუბუქეს ცხოვრება, ხაზი მინდა გავუსვა კონფლიქტისპირა რეგიონებში ჩატარებულ სამუშაოებს, გაზიფიცირებულ სოფლებს, გარემონტებულ სკოლებს, რეაბილიტირებულ მაგისტრალებსა და წყლის სისტემებს, ამ სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადმოსვლის და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გახშირებული ფაქტები…. ეს 4 წლიანი მიღწევების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, მომდევნო 4 წელია კიდევ საჭირო საბოლოო შედეგის მისაღწევად. მჯერა მოსახლეობა ამ ცვლილებების მნიშვნელობას სათანადოდ აფასებს. „
„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატის მთავარი მესიჯი ამომრჩეველთან შემდეგია:
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ თვითმმართველობა არის არა მხოლოდ რეგიონის და კონკრეტული სოფლის, არამედ საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის სიძლიერის მთავარი საფუძველი. ჩვენ დავიწყეთ თვითმმართველობის გაძლიერება, მივიღეთ კანონი, რომელიც მოვარგეთ რეგიონალური განვითარების საჭიროებებს და მივეცით მუნიციპალიტეტებს ავტონომია უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მთავარია ამ გაზრდილი ლეგიტიმაციის პირობებში სწორად მოხდეს საჭიროებების განსაზღვრა, რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინება და შესაბამისი მოქმედება. ამისთვის საზოგადოება უნდა გაიზარდოს და გახდეს აქტიური. ჩვენი წარმატება ჩვენსავე მცდელობებზეა დამოკიდებული, სახელმწიფო ვადებულია დაეხმაროს საზოგადოებას გაზრდაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამისთვისაა ის პროექტები რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება. სახელმწიფომ, მოსახლეობის ნაცვლად, თავის თავზე ბევრი ფინანსური ვალდებულება აიღო. მე ვცდილობ დავაინტერსო მოსახლეობა ამ პროექტებით და მიხარია, რომ შეხვედრების შემდგომ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება საკუთარი ბიზნესის წამოწყებით. ჩემთვის უმთავრესია ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება და რომლის ექსპლუატაციაში შესვლა ახმეტას სატრანზიტო ფუნქციის მატარებელ ქალაქად აქცევს. ამ გზის საშუალებით კახეთიდან და აზერბაიჯანიდან რუსეთისკენ მიმავალ ტვირთები ახმეტის გავლით გადაადგილდება. ქალაქს გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, განვითარდება ტურიზმი, რაც საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებას წარმოშობს, გაიხსნება ახალი ობიექტები დასაქმდებიან ადგილობრივები. ახმეტას აქვს ტურიზმის განვითარების რეალური შესაძლებლობები მისი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან გამომდინარე. ასევე პრინციპულია ჩემთვის ახმეტელებისთვის ტყის რესურსით სარგებლობის უფლების დაბრუნება. როგორც იცით ლიცენზია წინა ხელისუფლებამ უცხოელებზე გაასხვისა და ოჯახები შემოსავლების გარეშე დატოვა. მე ვიცი როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. მუშაობა გარემოსდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქვს თავისი ბუნებრივ კლიმატური მახასიათებლები, რომლის სწორად დაგეგმვა – გამოყენების შემთხვევაში, მცირე მეურნეობებიც კი ოჯახებისთვის კარგი შემოსავლის წყარო გახდება. „
გელა სამხარაული პოლიტიკამდე ბიზნესში ყოფნას დადებით გამოცდილებას უწოდებს:
„ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღება, ეს იქნება შესაძლებლობების განსაზღვრა-გამოყენება, რისკების შეფასება თუ გამოწვევების შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება, ხდება მაქსიმალურად მოკლე დროში. მაშინ როცა პოლიტიკაში ეს დრო იმართება კანონის ფარგლებში და შენც თავისთავად მოქმედებ კანონის შესაბამისად გაწერილ დროში. მე მიჩვეული ვარ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მოქმედებას, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების დროს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება ჩემთვის ძალიან ბუნებრივია. არ მოვსულვარ პოლიტიკაში ბიზნესის ლობირებისთვის. ჩემი აქტივები გავასხვისე და ისე მოვედი. მიმაჩნია, რომ ორი საქმის ერთდროულად კეთება შედეგს ვერ მოიტანს. პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვითარება შემეცვალა და ბიზნესი სახელმწიფო რეკეტისგან დამეცვა. შევძელით კიდეც.“
ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მისმა მეგობარმა, თელავის გამგებელმა, ზურაბ ყურაშვილმა სტალინის ძეგლი დადგა და თანამშრომლები დაითხოვა, სამხარაული ასე პასუხობს:
„ზურაბ ყურაშვილი გამგებელი აღარ არის. რაც შეეხება სტალინის ძეგლის დადგმას ამას ზურაბთან კავშირი არ აქვს. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კი კანონი არეგულირებს, ასევე კანონით რეგულირდება თანამშრომელთა სამსახურებიდან დათხოვნის წესები.“
მმართველი პარტიის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, ნეპოტიზმთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ მისი მეუღლის ძმა თელავის საკრებულოს თავმჯდომარეა, სამხარაული ასე პასუხობს:
„ჩემი ცოლისძმა პოლიტიკაში ჩემამდე გაცილებით ადრე იყო. მრეწველთა პარტიას“ ხელმძღვანელობდა და იყო საკრებულოს წევრი. ახლაც იმავე პოზიციაზეა, მე კი ქართული ოცნების წევრი ვარ. ასე რომ, კავშირს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ნეპოტიზმს, არ გამოვრიცხავ ერთეული შემთხვევების არსებობას. თუ ეს ფაქტები ხელს უშლის სამსახურის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჩემს შემთხვევაში ვერ დამისახელებთ ასეთი ფაქტის არსებობის ერთ შემთხვევასაც კი.“
გელა სამხარაულის და ახმეტის ყოფილ მაჟორიტართან, ზვიადაურთან დაპირისპირებას, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას უწოდებს:
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე და ზურაბ ზვიადაური ერთი გუნდის წევრები ვართ და ერთი მიზანი გვამოძრავებს. რაც შეეხება გამგებელს, მასთან ჩვეულებრივი კოლეგიალური ურთიერთობა და საერთო ინტერესები მაკავშირებს. ორივე შემთხვევაში საერთო მიზანი ახმეტის მომავალზე ზრუნვაა.“ -განაცხადა „მეტრონომთან“ გელა სამხარაულმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატს ახმეტაში, შაქრო ტერტერაშვილს, ის მიუწვდომელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ტერტერაშვილის შესახებ მწირია ბიოგრაფიული ინფორმაცია, ხოლო მას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვს. გაუგებარია თანამდებობის პირმა კანონით დადგენილი ვალდებულება რატომ არ შეასრულა, თუმცა შესაძლოა ტერტერაშვილს კონკრეტული მიზეზი აქვს, რომლის შესახებაც „მეტრონომი“ დაწერდა, კანდიდატთან უბრალოდ დაკავშირება რომ მომხდარიყო.
შაქრო ტერტერაშვილი ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამ მცირე და ბუნდოვანი ისტორიის მქონე კანდიდატით, რომელთან დაკავშირებაც კი ვერ ხერხდება, ენმ როგორ აპირებს არჩევნების ახმეტაში მოგებას, გაუგებარია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუკი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ჭირს დღეს, რას შეიძლება ველოდოთ ხვალ, მკითხველმა და ზოგადად ახმეტის მოსახლეობამ შეაფასოს.
ობიექტურად უნდა შეფასდეს, რომ მედიასთან ურთიერთობა პაატა ბურჭულაძის ბლოკს ყველაზე კარგად გამოსდის. ამ პარტიიდან ახმეტის მაჟორიტარად წარდგენილია ზურაბ ნაცარაშვილი, რომელიც 2004 წლიდან შსს-ს თანამშრომელი იყო.
ზურაბ ნაცარაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თელავში, რომლის ფართობია 1800.00 კვ.მ. მას 2011 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების უფროსად მუშაობისას შემოსავლის სახით აღებული აქვს 17000.00 ლარი. სხვა შემოსავლები და ანგარიშები მითითებული არ არის (მონაცემებს არ შეიცავს).
წინაასაარჩევნო გარემო ზურაბ ნაცარაშვილმა „მეტრონომთან“ უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატი, გელა სამხარაული, კამპანიის ჩატარებისთვის ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს:
„ხელისუფლების და ოპოზიციურ ძალებს წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში ჩატარება, რა თქმა უნდა, არ გვიწევს. მიზეზი ბევრია, მათ შორის, გვაქვს ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის და ადმინისტრაციული რესურსი იხარჯება. არჩევნებში მუნიციპალიტეტის რწმუნებულს არ აქვს ჩარევის უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც დადიან და ხალხს მოუწოდებენ. ასევე, სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს ემუქრებიან, რომ დახმარებებს მოუხსნიან, თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას.
პარტიის წევრებს ღიად ვერ გვიბედავენ დაპირისპირებას, მაგრამ ჩვენ მხარდამჭერებთან დაკავშირებით ეს დაფიქსირებულა. ყოფილა შემთხვევა, რუისპირში, ჩემ მეზობელს აშინებდნენ ჯარში წაყვანით და მეუღლის სამსახურიდან გაშვებით. გვინდოდა გამოგვეაშკარავებინა, მაგრამ მათ თავად არ ჰქონდათ სურვილი ასე ღიად დაპირისპირებოდნენ. მერე ჩვენ დავურეკეთ იმათ და ვუთხარით, რომ ზომებს მივიღებდით, თუ არ გაჩერდებოდნენ და როგორც იქნა გაჩერდნენ. ამგვარ შემთხვევები ხშირია, მაგრამ ვერ საუბრობენ, რადგან ეშინიათ სამსახურის დატოვების და ა.შ.“ – აცხადებს „მეტრონომთან“ ნაცარაშვილი.
ზურაბ ნაცარაშვილის თქმით, მთავარ კონკურენციას „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უწევენ:
„მეტ კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები ქმნიან. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ხალხის სამსახურში ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ უკვე დაანახეს, რამდენად ეფექტურები იყვნენ და რამდენად შეძლეს ხალხისთვის სამსახურის გაწევა. დღევანდელ დეპუტატს, სამხარაულს, ხალხი კარგად იცნობს და მის ქმედებას შეაფასებენ. შაქრო ტერტერაშვილი ნაკლებად ცნობილია, მას ახმეტაში და მატააში უფრო იცნობენ, სხვაგან იმდენად არა. რა წარსული აქვს მას, ადგილობრივებმა იციან“ – ამბობს ნაცარაშვილი.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამხეტაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის მხრიდან, გამარჯვების შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენას გეგმავს:
„ჩემი გეგმაა სამართლიანობის აღდგენა. გათავისუფლდეს ყველა სამსახური ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების ზემოქმედებისგან. ყველა ინსტიტუტმა თავისზე დაკისრებული ფუნქცია შეასრულოს. თუნდაც საგადასახადო კანონში, სისხლის თუ ადმინისტრაციულ კოდექსში ბევრი ცვლილების შეტანა შეიძლება, რომ ხალხზე იყოს ის ორიენტირებული. ამ ინიციატივით წარვსდგები პარლამენტში და ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, მაქსიმალურად დავიხარჯები, რომ სამართალი აღდგეს და ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს. ჩემი თავი გამოცდილი მყავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას. რა შემეძლო გამეკეთებინა და გამიკეთებია, ხალხმა კარგად იცის. არასდროს არაფერი დამიზარებია, სამსახური იყო თუ მის გარეთ, მაქსიმალურად ვცდილობდი ყველას დავხმარებოდი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამომრჩეველი სწორად შეაფასებს და სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაჯგუფებების და ჯგუფების მიერ მართული კანდიდატების თუ ხალხის მიერ მართული კანდიდატის მხარე დაიჭიროს. “ – აცხადებს ნაცარაშვილი.
მანა ნოდია