ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უკვე დროა უჩა ნანუაშვილმა მორალურ გადაწყვეტილებაზე იფიქროს”

სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ილია ჭანტურაიამ სახალხო დამცველის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის ილია ჭანტურიას თანამდებობიდან გათავისუფლება უსაფუძვლოდ ცნო. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჭანტურაიას სარჩელი და სახალხო დამცველს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ჭანტურია სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 11 ივლისამდე იკავებდა.

ომბუდსმენის აპარატის არგუმენტს, რომ ჭანტურაიას გათავისუფლება უწყებაში მოქმედმა დისციპლინურმა კომისიამ მიიღო, რადგან ჭანტურაიამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა ყველაზე მძიმე გადაცდომები და დაარღვია ის ვალდებულებები, რომლის დაცვა მას ყველაზე მეტად ევალებოდა, როგორც კონფიდენციალურობაზე  და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. აპარატის ყოფილი თანამშრომელი “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს, რომ სანამ დისციპლინური კომისია მისი საქმის შესწავლას დაიწყებდა, მანამდე ნანუაშვილი აპარატის თანამშრომლებს ხვდებოდა და მათ ჭანტურაიას წინააღმდე განაწყობდა.

“კომისიამ ჩემს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2016 წლის 8 ივლისს. სახალხო დამცველმა ჩემს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო 15 ივნისს. ამ დღიდანვე, ნანუაშვილმა შეხვედრა დაიწყო აპარატის თანამშრომლებთან. ხვდებოდა ცალკეული დეპარტამენტის თანამშრომლებსა და უფროსებს.  სანამ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ის თავის მოადგილესთან ერთად ამ შეხვედრებზე აფიქსირებდა, რომ მე გარკვეული სახის დარღვევები მქონდა. აღსანიშნავია, რომ ამას კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამბობდა. სახალხო დამცველის თქმით, არ ვასრულებდი ჩემს უფლებამოსილებას და ვიყავი სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმატორი.  გეკითხებით ამის შემდგომ სახალხო დამცველის ეს არგუმენტი თქვენთვის მისაღები იქნებოდა?! მეტსაც გეტყვით, არსებობს ამის კონკრეტული ჩანაწერები. არსებობს მტკიცებულებები, სადაც ნანუაშვილი ახლა უკვე მის პირველ მოადგილე ნათია კაციტაძესთან ერთად ბრალს მდებს და ამ დროს კომისიას გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ ჰქონდა”. -აცხადებს ჭანტურაია.

ჭანტირაიას თქმით, ის სახალხო დამცველის აპარატში დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

“მე მინდა ვიმუშაო იმ პროფესიონალ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ვმუშაობდი. რაც შეეხება ნანუაშვილს, მე რომ მის ადგილზე ვიყო, პირადი ღირსებიდან გამომდინარე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებდი. არ გავახმაურებ რას ვგულისხმობ. მე ვაპირებ იმ პროფესიონალ ადამიანებთან ერთად მუშაობას. ვაპირებ დავიცვა სხვა ადამიანების სოციალური და შრომითი უფლებები, რადგანაც ვარ ადგილობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი აზრით, უკვე დროა ნანუაშვილმა მორალურ გადაწყვეტილებაზე იფიქროს”. -ამბობს ჭანტურაია.

ომბუდსმენის აპარატში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს დასაბუთებული  გადაწყვეტილება ჩაბარდებათ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....