„საჯარო კომუნიკაციამ “ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის თუ პირიქით, ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფორმები მიიღო და ზოგჯერ ცოტა არაეთიკურიც“, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზეც გააკეთა იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის გადაწყვეტილების მიმღები.
„პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას , რომელსაც უნდა იღებდეს”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.
წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.
წერილში საუბარია ”რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე. უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა ”დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი”.