საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში და შს მინისტრმა ისაუბრეს:
„მთავარი საკითხი იყო არჩევნები. შს მინისტრმა დეტალურად გამაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება. განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ასევე ვისაუბრეთ ქართული მხარისთვის სანაპირო დაცვის ორი კატარღის გადაცემის თაობაზე. შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ინციდენტები, რაც აღელვებს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მთავრობასაც. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ პირობა, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო,“-განაცხადა იან კელიმ.