“მშვიდობის მემორანდუმი” არის სადღეგრძელო, რომელიც თქვა პრემიერმინისტრმა და ახლა მეკითხებით ჭიქას მივუჭახუნებთ თუ არა“, – ასე ეხმაურება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული მშვიდობის მემერონადუმს.
„ხელს მოვაწერთ თუ არა კოალიციის გადასაწყვეტია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას. ვერანაირი მემორანდუმი და ვერანაირი სხვა დოკუმენტი ამ პასუხისმგებლობას სხვა პარტიას ვერ გადაუნაწილებს. მე ისედაც მაქვს ჩემი მორალი, ჩვენს კოალიციას აქვს თავისი მორალი და ზუსტად ვიცით როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამ მორალის საწინააღმდეგოდ. თუ რომელიმე ადამიანი მოიქცევა ცუდად, ამაზე პასუხის დაკისრება, მოთხოვნა თუნდაც იმ პარტიაზე ვისი წევრიც არის ეს ადამიანი, იქნება აბსურდი. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. ”მშვიდობის მემორანდუმი” შესთავაზა, რომელიც წინასაარჩევნოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ მათი აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.