„სახალხო დამცველი ცდება თავის კომპეტენციის ფარგლებს,“- ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა.
არჩილ ფრანგიშვილი მოშიმშილე პროფესორებთან და სტუდენტთა ნაწილთან შეხვედრას არ აპირებს. მისი განცხადებით, ცრუ ბრალდებების გამო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა. ამ საკითხე კი მოკვლევა უკვე დაწყებულია.
არჩილ ფრანგიშვილი გამოეხმაურა სახალხო დამცველის რეკომენდაციასაც. ფრანგიშვილი ამბობს, რომ უჩა ნანუაშვილი საკუთარ კომპეტენციას ცდება.
„ჯობს სახალხო დამცველმა წაიკითხოს კარგად რა წერია კანონში, მერე შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. სახალხო დამცველი ცდება თავის კომპეტენციის ფარგლებს,“-განაცხადა ფრანგიშვილმა.
შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აპრილის თვიდან სწავლობდა და ომბუდსმენმა დაახლოებით ერთი თვის წინ რეკომენდაციითაც მიმართა განათლების სამინსიტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
,,კანონის და რეგულაციების დარღვევებით მოხდა მესამე ვადით რექტორის არჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სპეციალური რეკომენდაციით მივმართეთ როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე განათლების სამინსიტროს, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენი ეს რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს და იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაცია შესრულდება, თუმცა სამწუხაროდ, პასუხი მივიღეთ, რომ ჩვენი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“ , – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტების ნაწილი კი რამდენიმე დღეა შიმშილობენ. მათი თქმით, რექტორი და აკადემიური საბჭოს 5 წევრი ზედიზედ მესამე ვადით, კანონის დარღვევით აირჩიეს.