საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. უნივერსიტეტის ლექტორის , ზაალ მიქაძის განცხადებით მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
როგორც ზაალ მიქაძემ განმარტა, ფრანგიშვილის გადაწყვეტილებების გამო, უნივერსიტეტის მუშაობა შეფერხებულია, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს ძალა აღარ აქვს.
„უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური საბჭოს 5 წევრი კანონის დარღვევით აირჩიეს. ჩვენი მოთხოვნაა, მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები. ამისთვის მათ ვაძლევთ სამ სამუშაო დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი აქციები გაფართოვდება, გაიზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს“. – განაცხადა მიქაძემ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს აქციის გამართვა იგეგმებოდა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.