ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსპერტი: “დემურ სტურუას წამების კვალი არ აღენიშნება”

 

დემურ სტურუას ოჯახის წევრები ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს საქმის არასწორად წარმართვაში სდებენ ბრალს. მათი განცხადებით, მაია ნიკოლეიშვილმა დასკვნაში დაწერა, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო. ბრალდებებს ექსპერტმა “ტვ პირველის” ეთერში უპასუხა:

“თვითმკვლელობის მკვლელობაზე გადატანა დასკვნაში არ მიწერია. ამ საქმეს დიდი ყუარადღებით უყურებს საზოგადოება და ზედმეტად არის გაზრდილი სამედიცინო  ექსპერტის დასკვნის წონადობა. ზოგადად, სამედიცინო ექსპერტი არასდროს წერს დასკვნაში მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა.

მე გამომძიებელი არ ვარ, არც დამოუკიდებელ გამოძიებას ვატარებ. ექსპერტიზის დასკვნაში დაზიანებებთან დაკავშირებით ახალი არაფერი დამიწერია. დემურ სტურუას დაზიანებებზე  სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ვიხელმძღვანელე, სადაც წერია, რომ   მარცხენა წვივის შიგნითა ზედაპირზე არის ნაჭდევი, ზედაპირული, ოთხი მილიმეტრი სიგრძის და ორი მილიმეტრი სიგანის. ამავე წვივის ქვედა ნაწილში, იგივე ზედაპირზეც ნაჭდევია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ  ძალადობის ნიშნები არ არის.  ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მიღებული დაზიანებებია და არ არის წამების კვალი. რატომ არავის ეყო სითამამე, რომ ამაზე ხმამაღლა ესაუბრა, არ ვიცი.

სამედიცინო ექსპერტი სიტყვა წამებას  არ იყენებს არასდროს. სტურუას სხეულზე აღმოჩენილი ნაჭდევი მაგალითისთვის  ჯოხით, ხელკეტით,ფეხით ან მუშტით არ არის მიყნებული. ეს არის ნაკაწრი, რომელიც ხეზე აძრომის ან ფრჩხილით მიყენებული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს. ამ დაზიანებებს ჯანმრთელობის მოშლა არ შეეძლო, არ გამოიწვევდა ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და ა.შ. დაზიანებები სიკვდილის დადგომამდე დროის უმცირეს მონაკვეთშია წარმოქმნილი. დაახლოებით   8 რიცხვში, შუადღით არის მიღებული. სტურუას კი თევზაძესთან 7 რიცხვში ჰქონდა შეხება.

ასეთი შეკითხვა მქონდა თევზაძის ადვოკატისგან: შეეძლო თუ არა სტურუას საკუთარი ხელით გაეკეთებინა მარყუჟი. მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემ, რადგან საქმეში ჯერ არ არის მასალა, სადაც მარყუჟის კვანძების დადების წესია მოცემული. საერთოდ, მოხრჩობის დროს მნიშვნელოვანია კვანძი ტიპიურია თუ ატიპური, მცოცავი თუ ფიქსირებული… სტურუასთან ამ ეტაპზე რა დასკვნაც გვაქვს,  არის საინტერესო ატიპიური კვანძი, რაც გულისხმობს იმას, რომ კისრის უკანა ზედაპირზე, მარჯვნივ და მარცხნივ არის ორი კვანძი. უკან კისერზე ორი კვანძი, თუ ის მცოცავი არ არის, ნიშნავს რომ ძალიან მჭიდროდ ჰქონდა დამაგრებული ყულფი. მარყუჟი კრიმინალისტებთან არის. იქიდან უნდა გავიგოთ ის ძალიან მჭიდრო იყო, მცოცავი თუ ფართო. ამას ვუცდით”-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლლეობაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატი საქმის მკვლელობაზე გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რის შედეგადაც თევზაძის  უდანაშულობა სავარაუდოდ დამტკიცდება.

დემურ სტურუას ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვენ გოდერძი თევზაძის დასჯას. მათი განცხადებით, პოლიციელს გავლენიანი მფარველები ჰყავს.

საქმე გამოძიებაშია. თევზაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....