ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველი უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს შორის სატალეფონო საუბრის გავრცელების ფაქტს ეხმაურება და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების ფაქტები.

“2016 წლის 14 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ასახულია სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს შორის. ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.

სამწუხაროა, რომ წინა შემთხვევების დაუსჯელად დატოვება ახალისებს ყოველ მომდევნო ინციდენტს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე 187 დღე გავიდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არ არის გამოვლენილი და დასჯილი ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, განსაკუთრებით ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები და შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებას დროულად აცნობოს მის მიერ მიღებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი ამ შემთხვევაშიც განახორციელებს მონიტორინგს ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე.” – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

 

იტვირთბა....