სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვების საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულია “რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე. უწყებაში რომელიც პაატა ბურჭულაძეს ჩაბარდა, გამოცხადების თარიღად 2001 წლის პირველი იანვარია მითითებული. სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩევლის დავით ჯანდიერის თქმით, მათ არ აქვთ ობიექტური გამოძიების იმედი.
“ეს არის ნეგატიური კამპანია, რომელიც მიმართულია ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამით არის გამოწვეული ჩანაწერების გამოქვეყნებაც და გამოძიებაში დაბარებაც. ბუნებრივია, გამოძიების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია და ამის არავითარი იმედი არ გაგვაჩნია იმ პირობებში, როდესაც შსს უწყებაში უთითებს აბსოლუტურად წარმოუდგენელ თარიღს – 2001 წლის 1 იანვარს.” – აცხადებს დავით ჯანდიერი.
შეგახსენებთ, სატელეფონო ჩანაწერი 14 სექტემბერს გავრცელდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ბურჭულაძეს მართლაც ესაუბრა, თუმცა განმარტავს, რომ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი დამონტაჟებულია.