საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენ-თან ინტერვიუში საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით:
”კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. გერმანიაში მცხოვრები ქართველ მოქალაქეებს შორის დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ.
ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები”, -განაცხადა პრემიერმინისტრმა.