აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფარული ჩანაწერების გავრცელება: ხელისუფლების პასუხისმგებლობის ჯიუტი ფაქტი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებამ კვლავ გააჩინა კითხვა, იყენებს თუ არა სახელმწიფო ფარული მოსმენის კანონმდებლობას უკანონოდ, პოლიტიკური ინტერესებისთვის.

კერძოდ,  ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლის  31 მარტიდან ამოქმედდა.  უფრო ზუსტად, კი, ამით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიეცა  ფარული საგამოძიებო მოქმედების, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, რის მიხედვითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემაა საჭირო.

ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.

ფარული მოსმენების “გასაღების” პროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ორჯერ გამოიყენა – ერთხელ უარი უთხრა პარლამენტს კანონპროექტის მიღების რამდენიმე თვით გადავადებაზე, ხოლო მეორედ ხელი არ მოაწერა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა  გადალახა.

არასამთავრობო ორგანიზაციები  სკეპტიკურად უყურებდნენ კანონპროექტს ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების შესახებ:

„თუ გასაღები გადავა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორთან, რომელსაც ევალება, ზოგადად, მონიტორინგი იმისა, თუ როგორ იცავენ პერსონალურ ინფორმაციას სხვადასხვა უწყება, მაშინ, მას უკვე ვინ გააკონტროლებს? ეს გასაღები უნდა იქნას გამოტანილი შსს-დან, არ ვიცი, უპირატესობა რატომ მიენიჭა ისევ სამართალდამცავ უწყებებს“, – აღნიშნავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი  დირექტორი ეკა გიგაური.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაც შსს-დან „გასაღების“ გამოტანას პრინციპულ საკითხს უწოდებდა:

„პრინციპული საკითხი არის ის, რომ შსს-ს გასაღები არ ჰქონდეს, თუმცა, შემოთავაზებული ვერსია, ალბათ, საჭიროებს ჯერ განხილვას. ჩვენს ვარიანტში არ ფიგურირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იმიტომ, რომ თავის მხრივ, ისიც საჭიროებს დამატებით კონტროლს“, – აცხადებდა  ლომჯარია.

კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ  სამოქალაქო საზოგადოება აცხადებდა, რომ ამით მნიშვნელოვნად გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო და შეიქმნა თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ჩარევის გაუმართლებელი რისკები.

აქედან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და ოპოზიციის ნაწილს სახელმწიფოს მხრიდან არაკანონიერი მოსმენისა და მიყურადების ეჭვი ისევ გაუჩინა.

როგორც „მეტრონომთან“„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნა, რომელიც მსგავსს ფაქტებს გამოიძიებს.

ნინო ლომჯარია: „ როცა ასეთი ფაქტები ხდება, პირველ რიგში პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან მან არ უნდა დაუშვას თავისი უწყებები უკანონოდ უსმენდნენ მოქალაქეებს და ეფექტურად უნდა  გამოიძიოს და დასაჯოს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირები.

ჩვენ წლებია კამპანიას ვაწარმოებთ იმისთვის, რომ რეფორმირდეს მოსმენების საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო დღეს არსებული მოსმენების სისტემა. როცა შესაბამის უწყებებს პირდაპირი წვდომა აქვთ მოქალაქეების კომუნიკაციებზე, ამგვარი შემთხვევები აძლიერებს ეჭვს, ხომ არ იყო ამ ფაქტებში   სახელმწიფო უწყებები  ჩართული. ხელისუფლებას მუდმივად  მოუწევს საპირისპირო ამტკიცოს, ამიტომ კანონმდებლობის რეფორმირება პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესშია.

გამოძიების მიმდინარეობა-ეფექტურობასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. წლებია ამ ტიპის დანაშაული ხდება, რაც  საგამოძიებო უწყებების მიმართ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი შეიქმნას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გარდა, უკანონო მოსმენის და ფარული თვალთვალის ფაქტებს გამოიძიებს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ აღარ იქნება ეჭვები, მათი ინტერესები ხომ არ დგას კონკრეტული ფაქტების უკან“,-განაცხადა ლომჯარიამ „მეტრონომთან“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი  ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებს  მომხდარის  დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას. “-აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, ჩანაწერებს  ხელისუფლება ამზადებს:

“ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და არა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს.“-განაცხადა გვარამიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარში ასევე საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ:

„ფაქტი  იმისა, რომ უშიშროების სამსახური უსმენს გენერალურ დირექტორს დამოუკიდებელი ტელევიზიისა ან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს, არის ძალიან შემაშფოთებელი. აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ინფორმაცია, ეს ჩანაწერი გავრცელდა იმავე ვებსაიტზე, რომელიც პირდაპირ არის უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში და ჩვენ აქამდეც გვინახავს მათ მიერ გავრცელებული კადრები, მაგრამ ასეთი სითამამით, პირდაპირ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ვებსაიტზე რამის გავრცელება აქამდე არ გვქონია.  ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომ სუს-ის გამოყენებით მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით ეს პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ იქნება სუს-ის გაუქმება,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება   „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერებმაც გააკეთეს:

„ადამიანის პირადი ცხოვრების მიმოწერის თუ კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება დარღვეულია ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს პოლიტიკური ძალა თუ ჩვენი ხელისუფლებისთვის ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტი ჩვენი საზოგადოების, რომელზეც უშიშროებას არ ჰქონდეს კონტროლი დაწესებული. ზუსტად იგივენაირად როგრც ეს იყო 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმის დროს,“-აცხადებს ირაკლი ალასანია.

მომხდარს ამაზრზენი უწოდა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ლევან ბერძენიშვილმა:

„ვფიქრობ, რომ მოსმენები საერთოდ გულისამრევია, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვარამიას უსმენდნენ.  მე მგონი მთავრობისთვის ამჟამად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ბურჭულაძეს მოუსმინონ,“-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მომხდარში სამთავრობო პასუხისმგებლობას ხედავს:

„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება, ყველა მედიასაშუალების მიერ ამის ატაცება. მართალია, ამ ჩანაწერში არაფერი არ არის სკანდალური და ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, ვგულისხმობ იმას, რომ არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ამ დრომდე მიჩვეულები ვართ, რასაც ვხედავთ ხოლმე, რაც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება. მაგრამ ზოგადად 2 ადამიანის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდეგ გავრცელება არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა, უკანონობა. ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მართვაზე და თვლის, რომ იგი არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და შეგრძნება, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას,“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ეკა მიშველაძემ.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამის შესახებ „მეტრონომს“ სუს-ში  განუცხადეს:

„აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა იგი მოპოვებული და გავრცელებული ჩანაწერი, ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო“- განუცხადეს სუს-ში „მეტრონომს“.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ჩანაწერს განცხადებით გამოეხმაურა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს წარმოადგენს.

გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით)“, – აცხადებენ შსს-ში.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ბრალდებებს სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოსმენების შესახებ პროვოკაციას უწოდებენ. როგორც „მეტრონომთან“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი  სესიაშვილი აცხადებს,  ჩანაწერის გავრცელება სამთავრობო ინტერესში არ შედიოდა:

„ სოდი და კუდი როგორც მოქმედებდა, ზუსტად ის გამახსენდა, როცა გვარამიას ვუსმენდი, რომელიც როგორც ბატონი ყმას ისე ელაპარაკებოდა და დავინახე ბურჭულაძე, რომელიც ბოდიშების მოხდით იყო დაკავებული. ჯერ ხომ აზრზე არაა თავის პარტიაში რა ხდება და მერე რა ტონით ელაპარაკება გვარამია და როგორ აშანტაჟებს,- ეს ხომ საერთოდ შოკია. ზუსტად ის გამახსენდა, რაც ხდებოდა „ნაციონალური  მოძრაობის“  მმართველოს  დროს და როგორ ექცეოდნენ მოქალაქეებს.

ბურჭულაძე,  გვარამია და „რუსთავი 2“  ვინ არის, ყველამ ყველაფერი იცის. ამიტომ ჩვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღება არ სჭირდებათ. პირიქით, ახლა „რუსთავი 2“-ს მიეცა საყაყანო.  ამიტომ ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა,  მის ინტერსებში სიტუაციის დაძაბვა შედის. „-განაცხადა „მეტრონომთან“ სესიაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს სურთ აქცენტი უკანონო ჩანაწერზე გაკეთდეს,  მაშინ როცა საუბრის შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია:

” ის ვინც ამ საუბრის და მისი შინაარსის ავთენტურობა დაადასტურა და ისიც, ვინც ჭოჭმანობს თუ ფიქრობს, კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც მიაწვდიან ინფორმაციებს, რომ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა იყოს. მეორე მხრივ, პოლიტიკურ მხარეებს სურთ, აქცენტი საუბრის შინაარსზე არ გაკეთდეს და ყურადღება მხოლოდ ფორმაზე გადავიტანოთ. ჩვენთვის ორივე საყურადღებოა. ახალი არაფერია – ვხედავთ რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის პარტიაში, მაგრამ მავანთათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს, ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი და დავალებები მისცეს ერთ-ერთი კოალიციის წარმომადგენელს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სანამ პოლიტიკური პარტიები ამგვარ შემთხვევებს  ერთმანეთს უკავშირებენ, მოქალაქეები პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების შექმნა-გავრცელების მოწმეები (და იქნებ მსხვერპლნიც) ხდებიან. ფაქტი კი, რომ ამგვარ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად სახელმწიფოს ეკისრება, ჯიუტია.

მანა ნოდია

იტვირთბა....