ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სემეკი: სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები მომხმარებლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან

ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის მიერ მიღებული წესების შესაბამისად, განისაზღვრა კომპანიების მიერ ცხელ ხაზზე პასუხის გაცემის დრო, გეგმიური და არაგეგმიური წყვეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მიწოდების აღდგენის ვადები. მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელთა სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა.

კომისიის ახალი რეგულაციით – „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებელს ფულადი კომპენსაცია სააბონენტო ბარათზე 10 კალენდარული დღის ვადაში დაერიცხება.

ახალი წესების საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების წლიური მაჩვენებლების შეფასების შედეგად, კომისია მოახდენს კომპანიის მიმართ ფინანსური მექანიზმების გამოყენებას მისი წახალისების ან დაჯარიმების მიზნით, რომელიც აისახება კომპანიისათვის შესაბამის მომსახურებაზე დადგენილ ტარიფში.

სტანდარტების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის მიერ შერჩეული ფორმით (ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით) აცნობოს მას დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ და მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. გარდა ამისა, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა.

არაგეგმიური წყვეტის (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მიწოდების გაუფრთხილებლად შეწყვეტა) შემთხვევაში, კომპანიამ მიწოდების აღდგენა 6 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, კომპანია ვალდებულია მომხმარებლებს, მათ მიერ შერჩეული ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქოლ–ცენტრის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში, რომლის პასუხის გაცემის დრო განისაზღვრება მათი დაფიქსირებიდან 60 წამის განმავლობაში;

წესები არეგულირებს, ასევე, გადაუხდელობის მიზნით გათიშული აბონენტების ჩართვის სტანდარტებსაც, კერძოდ, გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს დავალიანების გადახდის ასახვიდან, ან მომხმარებლის მიერ ქვითრის წარდგენიდან, არა უმეტეს 3 საათის განმავლობაში.

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას და კომპანიის მიერ წესებით განსაზღვრული სტანდარტების შეუსრულებლობას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოოლბუდსმენის სამსახურს – 242 01 80 ან Facebook გვერდის საშუალებით.

იტვირთბა....