პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი გიორგი კალაძე ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს პასუხობს.
მისი თქმით, ხათუნა ლაგაზიძეს მისგან საფრთხე არ ემუქრება და არც კრიმინალური წარსული ჰქონია:
„შემიძლია დავარწმუნო, რომ ჩემგან არავითარი საშიშროება არ არის. მე საკმაოდ დაკავებული ვარ აჭარაში მუშაობით, საარჩევნო კამპანიით და დარწმუნება შემიძლია მაგ ქალბატონის, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს მისი სულელური გამოხტომებია…
პროკურატურაში დაბარების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე, მაგრამ არაფერი არ მაბრკოლებს იმისგან, რომ მივიდე და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი ქალბატონი ხათუნას უსაგნო ბრალდებებს.
მე ვიყავი 18 წლის, როცა საქართველოდან წავედი ბრიტანეთში სასწავლებლად და დავბრუნდი 2004 წელს. ამის მერე, თუ რამე დამიშავებია, ალბათ აღრიცხული იქნება და ამის გადამოწმება არაა რთული. თუ რამე სხვა ინფორმაცია აქვს, წარუდგინოს პროკურატურას.
ვმუშაობდით ერთად რამდენიმე თვე, ყოველდღიური შეხება გვქონდა, გეგმებს ვსახავდით და ვახორციელებდით. ჩვენთან ყველაფერი განიხილებოდა გუნდურად, სადაც იყო კამათი, ხმის აწევები – ამას თუ გულისხმობს ზეწოლაში არ ვიცი. რახან სხვა კუთხით ვერ მოძებნა და აქვს გამოგონილი ცრუ ბრალდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მესმის, რომ სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკს ზიანი მიაყენოს და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს”, – აღნიშნა გიორგი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა, განაცხდა, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები დგანან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.
ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, გიორგი კალაძე, იგივე „კალოშა“ კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელია.