თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ზესტაფონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ ილია კოკაიას სოცილურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ მას 157 მილიონ ლარს ედავებიან:
“მითხრეს გაბრაზებული ხართ და პრესკონფერენციაზე სულ პოპულისტი გეძახაო .
პრობლემა არ არის, რაც გინდათ მეძახეთ, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის. მე კი ფაქტებით მიყვარს საუბარი.
– თქვენ გედავებიან 157 მილიონ ლარს, მე არა სახელმწიფო – ფული რომელიც ზესტაფონლებს, ფეროს მუშებს, აქციონერებს უნდა მოხმარებოდა, სწორედ ბატონი კოკაიას ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშებზე ხვდებოდა.
– ეს მე არ მითქვამს. ეს გამოძიებისა პრეტენზიებია ბატონ ილიასთან. ისე რომ მე კი ნუ მემუქრებით, სანამ ზესტაფონლებს ხმის მიცემას მოსთხოვთ, ჯერ სახელმწიფოს ბრალდებებს გაეცით პასუხი, ზესტაფონლებისგან მოპარული ფულის შესახებ.
სქემა მარტივი იყო, როგორც ამბობენ. თქვენი კომპანია ფეროს 400 დოლარს უხდიდა, თქვენ კი 1,200 დოლარად ყიდიდდით იგივე პროდუქციას. შესაბამისად, 800 დოლარიანი სხვაობა თქვენთან რჩებოდა. ბიუჯეტსაც უმალავდით, მუშებსაც, აქციონერებსაც.
ქვევით, ფოტოებზე კარგად ჩანს სქემა.
ამას სახელმწიფო გედავებოდათ. სხვათაშორის, ის კაცი მაშინ თქვენ საქმეს ვინც იძიებდა, დღეს ქართული “ოცნების კანდიდატია” რუსთავში.
თქვენგან საუბარი იმაზე რომ “ნაცების” დროს იყო, არ მიიღება.
სულ 2 დღის წინ მე-2 არხის ეთერში დითირამბებს ასხამდით “ნაციონალების ხელისუფლებას”. სწორედ თქვენს მიერ განდიდებული კახა ბენდუქიძის უახლოესი, ნდობით აღჭურვილი ადამიანი გიგა ბედიანაშვილი, ვინც მთავარი ბრალმდებელია თქვენი ამ გამოძიებაში.
დღევანდელ ხელისუფლებასაც ხოტბას ასხამთ, და სწორედ მისი მაჟორიტარობის კანდიდატია რუსთავში თქვენი მეორე ბრალმდებელი, ბატონი მხეიძე.
ისე, რომ მე, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ და მუქარას და თითის გაშვერას, თქვენს მიმართ ბევრი წლის მანძილზე არსებულ კონკრეტულ ბრალდებებს უპასუხეთ და არა ისე, ჟურნალისტს როგორც ეუზრდელებით იმ ფილმში “, – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კოკაია გადაცემა “59 წამში” თინა ხიდაშელთან გამართულ დებატებს გამოეხმაურა:
“თინა ხიდაშელმა საკმაოდ მძიმე ბრალდება წამიყენა, თითქოს 147 მილონი მოვპარე ზესტაფონელ ამომრჩეველს. მე მოვითხოვ წარმოადგინოს ეს საბუთები, დადასტურებული დოკუმენტაცია პროკურატურიდან ან შესაბამისი უწყებებიდან, რომ მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება და წარმოადგინოს ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მე არ შემიძლია მივმართო სასამართლოს, რადგან სატელევიზიო ეთერში წარმოთქმულ ბრალდებებს ახალი კანონით ძალა არ აქვს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ პოლიტიკოსებმა ასეთი უსაფუძვლო განცხადებები არ უნდა აკეთონ.
“ზესაფონის “ფეროში” ორი წელი ვმუშაობდი სააკაშვილის დროს, თუმცა ჩემზე არანაირი საქმე არ აღძრულა. ქალბატონი თინა ეყრდნობა პოპულისტურ განცხადებას, რადგან ზესტაფონში მისი მთავარი მეტოქე ვარ”, – აღნიშნა ილია კოკაიამ.