„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია პროგრამის პრეზენტაციასა და პრობლემების მოგვარებაზეა აგებულია და არანაირი დრო და სურვილი, დავკავდეთ მმართველი გუნდის შეხვედრებზე რაიმე სახის ღონისძიებების ჩატარებით, ნამდვილად არ გვაქვს,“ – ასე უპასუხა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი აბესაძემ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო და არ დასაჯა კრიმინალური მოძალადეები, რომლებიც მუდმივად თავს ესხმიან ჩვენს შეხვედრებს, აზიანებენ ბილბორდებს, ესხმიან პარტიის ოფისებს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფრის ოპოზიციაზე გადაბრალების მიზნით აცხადებს, რომ, თითქოს, ისინი თავად ვერ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. აბსოლუტურად უუნარო, უმოქმედო, გეგმების არმქონე პარტიაა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის აირჩია მხოლოდდამხოლოდ ბილბორდებთან, პარტიის ოფისებთან და შეხვედრებთან ბრძოლის ტაქტიკა, რაც აუცილებლად უნდა დამთავრდეს 8 ოქტომბერს,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა პროვოკაციების რეალურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. კერძოდ კი მან დაასახელა აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციები. მან ისიც დასძინა, რომ „ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ “დუბინკები” და ცოცხები აღარ იქნება, მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ“.