დეტალები: რატომ დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია
„პაატა ბურჭულაძე თავისი ზურგით ქართველ ხალხს ატენის „ნაციონალების“ ნარჩენებს და კრიმინალური ზეწოლით შედგენილ სიას. ეს არის დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც საფრთხეა. ამიტომ მე უკვე ღიად მივმართე საჯარო სივრციდან სამართლადამცველ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება“,-აცხადებს ბურჭულაძის პარტიის უკვე ყოფილი წევრი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ბლოკის, ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, სადაც გაერთიანებულნი არიან ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” , საპარლამენტო სია გუშინ გახდა ცნობილი. სიაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე ვერ მოხვდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პარტია დატოვა. მოგვიანებით ლაგაზიძემ პარტიის დატოვება დაადასტურა.
ბურჭულაძის საპარლამენტო სია ასე გამოიყურება:
სიის პირველი ნომერი თავად ბურჭულაძე იქნება. გაერთიანების დანარჩენი ლიდერებიდან კი, გიორგი ვაშაძე მეორე, დავით ჯანდიერი მე-3, მამუკა კაციტაძე მე-10, ზურაბ ჯაფარიძე კი მე-12 ნომრადაა წარდგენილი.
რატომ ვერ მოხვდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე საპარლამენტო სიაში და რა გახდა მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი, ის „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
„მეტრონომი“: ქალბატონო ხათუნა, თქვენ მიერ პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზი რა გახდა?
ხათუნა ლაგაზიძე: ცოტა შორიდან უნდა დავიწყო: თავიდან ჩემი მისვლა პაატა ბურჭულაძესთან განაპირობა იმან, რომ მას რეალურად ჰქონდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და რესურსი, ამის შედეგად მთლიანად შეეცვალა ქართული პოლიტიკური სპექტრი და ახალი სახეები შემოეყვანა ქართულ პოლიტიკაში. ის ამას აცხადებდა კიდეც პირველ თვეებში, როცა ჩვენ ერთად ვიწყებდით ჯერ ფონდის და შემდეგ-პარტიის შექმნას. შემდეგ როდესაც მან ბლოკთან (ბურჭულაძე, ვაშაძე, ჯაფარიძის გაერთიანება) ერთპიროვნულად გადაწყვიტა გაერთიანება და ჩვენ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, მე საჯაროდ, კომენტარისთვის, დამეთანხმებით, აღარსად გამოვჩენილვარ. მაქსიმალურად ვეცადე ამ შემოერთებულ გუნდთან ასოცირებისგან თავი ამერიდებინა, რადგან ვიცოდი საით მიდიოდა პროცესები.
იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ შემოერთებამდეც დაიწყო პარტიის რღვევა და ამ შემოერთების შემდეგ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავიდა, რადგან ადამიანების უმრავლესობა თავის დროზე პაატა ბურჭულაძესთან მოვიდა და არა-„ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებთან. შესაბამისად, როცა ამ ადამიანებმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, იმის ნაცვლად, რომ პაატა ბურჭულაძეს აეხსნა ამ ხალხისთვის, რამ აიძულა ამ გადაწყვეტილების მიღება, ის გამოვიდა და არა ერთხელ განაცხადა, რომ ვისაც არ უნდოდა, წასულიყო და მათ ღალატშიც დასდო ბრალი. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან სწორი, ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე: მე რომ მაშინ წამოვსულიყავი, ჩავეწერებოდი იმ სიაში, ვისაც ასე დაუნანებლად მიუთითა კარებისკენ. ის აქეთ დამდებდა ბრალს, რომ მას გადამწყვეტ მომენტში ვუღალატე.
რეალურად მოხდა ის, რომ ბურჭულაძემ გაყიდა პარტია. გაყიდა ამომრჩევლის ნდობა და ინტერესი, მე კი ამის ფაქტი ხელში უნდა მჭეროდა. მხოლოდ ვაშაძე-ჯაფარიძესთან გაერთიანება საკმარისი არ იყო, რადგან შიგნით ჩვენ გვეუბნებოდნენ, მძიმე ფინანსური პრობლემებია და იძულებულები ვართ ამ გაერთიანებაზე წავიდეთო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ იქნებ როგორმე მოხერხებულიყო ამ გზით პარტიის გადარჩენა და იგივე საპარლამენტო სიაში პარტიის სოლიდური დოზით წარმოდგენა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ ის ხალხი, ახალი სახეები, ახალი თაობა, რომელთა მოყვანითაც ბურჭულაძე დასაწყისში თავს იწონებდა, რაღაც დოზით მაინც ყოფილიყო საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი.
გუნდმა კი არ გაყიდა ბურჭულაძე, არამედ ბურჭულაძემ გაყიდა გუნდიც და იდეაც. ამის ფაქტი მხოლოდ საპარლამენტო სია იყო. პირველ 12 კაცს თუ ნახავთ, იქიდან მხოლოდ სამი წევრია პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენი, დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებიდან ან „ნაციონალური მოძრაობის“ გაყიდული წევრებისგან არის დაკომპლექტებული. სია კი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლით არის შედგენილი.
-ვის გულისხმობთ?
– სია ფაქტობრივად პავლე კუბლაშვილით, კრიმინალური მენტალობის მქონე პირის და სხვა პირების ზეწოლით დაკონკრეტდა. გაერთიანება ბურჭულაძემ საკუთარი იდეის და პარტიის გადასარჩენად კი არ გადაწყვიტა, რისთვისაც ის ვითომ შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ, მისი პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სხვაგვარად, ეს პარტიული სია, რაც დაიდო, წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს რომ მას არც პარტია აქვს და აღარც პოლიტიკური ინტერესი. რა ინტერესიც ჰქონდა, როგორც ჩანს მან სრულად დაიკმაყოფილა.
– გაჩნდა ვერსია, რომ რადგან ათეულში არ მოხვდით, ამიტომ გადაწყვიტეთ პარტიის დატოვება. სიის პირველ ათეულში რომ ყოფილიყავით, ამ შემთხვევაში როგორი იქნებოდა თქვენი ნაბიჯი?
-იმდენად უსახური სიაა, ჩემი ათეულში განხილვა უბრალოდ უხერხული იქნებოდა. მეორე-ვსაუბრობ იმაზე, რომ ბურჭულაძე ვალდებული იყო ახალი თაობა შემოეყვანა ამ სიაში და არა იმ სახეებით დაეკომპლექტებინა, რაც იქ იყო წარმოდგენილი. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრებოდი ჩემ მეგობარს და კოლეგას, გიორგი რუხაძეს, რომ რომც მოვხდე პირველ ექვსეულში, პარლამენტში ელემენტარულად პარტნიორიც არ მეყოლება და არ ღირს ამ ექვსეულში მოხვედრაც -მეთქი. ის ამას დაადასტურებს. აქედან გამომდინარე, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო კერძო და პირადი ინტერესი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ-ბურჭულაძე მანამდე ჩემ წამოსვლას ღალატს დაარქმევდა. მან გაყიდა თავისი გუნდი და არა-პირიქით. ეს სია არის იმის დასტური რომ ბურჭულაძე თავისი ზურგით ქართველ ხალხს ატენის „ნაციონალების“ ნარჩენებს და კრიმინალური ზეწოლით შედგენილ სიას. ეს არის დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. ამ განცხადების გაკეთება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც საფრთხეა. ამიტომ მე უკვე ღიად მივმართვე საჯარო სივრციდან სამართლადამცველ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. დღეს სატელევიზიო ეთერიდანაც მივმართავ და თუ ამასაც გამოხაურება არ ექნება, მივალ პირადად და მოვითხოვ ჩემი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
ეს ერთი თემა და მეორე ის, რომ ეს დაჯგუფება ხალხისთვის საფრთხის შემქმნელია. უფლება არ მქონდა ეს არ მეთქვა. მთელი შეგნებული ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს და დღეს მე ვერ ვიქნებოდი ხელშემწყობი კრიმინალური მენტალობით აღჭურვილი ადამიანების ზეწოლით შედგენილი სიის შესახებ რომ არ მესაუბრა.
-რა საფრთხე შეიძლება გემუქრებოდეთ?
-ნებისმიერი სახის, რადგან ამ კრიმინალური მენტალობის ადამიანებზე როცა ვსაუბრობ, აქ იგულისხმება მისი შტაბის უფროსი, რომელიც დღეს აჭარის სიის პირველი ნომერია. ეს არის პაატა ბურჭულაძის შტაბის უფროსი, გოგა კალაძე, ე.წ კალაშა და კარგი იქნება, თუ მის საქმიანობას ჟურნალისტები შეისწავლიან.
ასევე, აჭარის მაცხოვრებლებისთვის დიდი შეურაცხყოფაა, როცა სიის პირველ ნომრად კრიმინალური მენტალობის ადამიანს სთავაზობენ. ამ ადამიანისგან და მისი ახლობლებისგან ნებისმიერი საფრთხეა მოსალოდნელი, რადგან მათ, სამწუხაროდ, ამის გამოცდილება აქვთ.
-როგორც კი გამოჩნდა ბურჭულაძე პოლიტიკაში, გაჩნდა ეჭვი, რომ სააკაშვილის პროექტი იყო. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ ამის დადასტურება?
-ამაზე მე არ ვსაუბრობ, ამაზე პაატა ბურჭულაძის მიერ წარდგენილი საპარლამენტო სია საუბრობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მაქსიმალურად დააზარალეს ქვეყანა, დაიმონეს სასამართლო სისტემა. ყველა იმ სიბინძურის სასამართლო წესით გათეთრება ამ ადამიანების აქტიური ხელშეწყობით ხდებოდა. ისინი შემდეგ გაიყიდნენ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მიეყიდებიან და დაუდგებიან იმას, რომლებიც მომავალი არჩევნების შედეგად გაიმარჯვებს. ამათ არ აქვთ პრინციპები და მორალი, მათ იციან ერთი- ხელისუფლება და ამ ხელისუფლებით ნაშოვნი ფული. საითაც ქარი დაუბერავს, იქით გაიყიდებიან. ვის ლობირებს და ვის შეყვანს ცდილობს საკუთარი, უკვე განდგურებული ავტორიტეტით, ყველაზე კარგად მისი სია მეტყველებს.
-თქვენი უახლოესი ამოცანები რას უკავშირდება და გეგმავთ თუ არა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას?
-ამ ეტაპზე ჩემი ამოცანაა უზრუნველვყო საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება და მეორე-არ დავუშვა იმ ჯგუფის შესვლა პარლამენტში, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით, ხალხის უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას. ჯგუფის მოსვლას, რომელიც ამომრჩევლის უსაფრთხოებას რეალურად შეუქმნის პრობლემებს, თუკი ის მცირე დოზით მაინც იქნება ხელისუფლებაში, მე ამას რითიც შემეძლება ხელს შევუშლი.
მანა ნოდია