აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რამდენიმე კვირის წინ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და ამ ფორმატის შექმნას ყველანაირად მივესალმებით” – შალვა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ კანდიდატი ქვეყნების თავმჯდომარეებს ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც იმ გამოცდილებების გაზიარებას შევძლებთ, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ, ვგულისხმობ დადებით და უარყოფით გამოცდილებებს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა, სადაც კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არის ჩასული.

პაპუაშვილის თქმით, კანდიდატ ქვეყნებს თავისი სიტყვა ეთქმით გაწევრიანების პროცესში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნება.

“მიხარია, რომ რამდენიმე კვირაში [ინიციატივა] უკვე რეალობა არის და პირველი ასეთი კონფერენცია იმართება, სადაც დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია მომავალში ამ პლატფორმის მუშაობა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ისე სექტორული კომიტეტების დონეზე.

საინტერესო იქნება კოლეგების მოსმენა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამ არის ცხადი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა აღიქმებოდეს, თითქოს კანდიდატი ქვეყნები მხოლოდ გაწევრიანების ობიექტია. ჩვენ ვართ ამის თანამონაწილე და ევროპის მომავლის თანაშემოქმედები, ასე რომ, ვფიქრობ, კანდიდატ ქვეყნებსაც თავისი სიტყვა ეთქმით როგორც თავად პროცესთან დაკავშირებით, ისე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ამ პროცესს თან ახლდეს.

დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა, მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას ამ ფორუმთან დაკავშირებით და იმედია, რომ შესაძლებლობა გვექნება, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ამ ფორუმის ფარგლებში”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

იტვირთბა....