„რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს“, – ასე შეაფასა ბიზნესსახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესსახლი თვისობრივად გააუმჯობესებს სერვისების მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს.
„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი – „ყველგან ყველაფერი“, ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბიზნესსახლში, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი – „მხოლოდ ერთხელ“, ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე – ბიზნეს სახლი იქნება. პროექტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გაიმართა. მას პრემიერი და ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ბიზნეს სახლი იქნება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა, სადაც ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი.