თინა ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება, მას არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პარტიაში საკუთარ თავს მენეჯერად განიხილავს.
„მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავმჯდომარეობით ნაცმოში ჩემი ინტეგრაცია. როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება, მას არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა.
ამ პარტიას ჰყავს მთავარი ლიდერი და ის მიხეილ სააკაშვილია, ჰყავს ხაბე, რომელმაც ბევრი იშრომა გუნდისთვის და საერთო საქმისთვის. ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო, ჩემი საჭიროება არც კი იარსებებდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ტყვეობაშია ირაკლი ნადირაძე, რომელმაც წაგებულ ომში შესვლით, მონობას თავგანწირვა ამჯობინა.
მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა საყველპურო. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავმჯდომარე ასეთიც შეიძლება, იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება.
საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია, რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება. ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამ თემას ჩაიბარებს, იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით. ახლა კი მთავარი, ეს პარტია უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. ვეტერანები ზურგს გაუმაგრებენ. პარტია დიდი მოლოდინით ხვდება სიახლეებს და მადლობა მათ სწორი და საქმიანი დამოკიდებულებებისთვის, რაც ამ დღეებში დავინახე. ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა, უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა იქნებ აქაც იმუშაოს“, – წერს ჟორჟოლიანი.

