„საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმება ხაზი ნატო-ს მხრიდან. ნატო-ს კარი ღიაა. მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართოების აღნიშნული პროცესი არ მოსწონს. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას. 28-დან 29 წევრის მიმართულებით ვმოძრაობათ, რადგან მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა
მან ჟურნალისტის კითხვას, როდის შეიძლება მოხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, უპასუხა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.
”ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.
მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ – სერიოზული პროგრესი და რეფორმები, რაც შეეხება საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და რასაკვირველია, თავდაცვის სექტორის რეფორმებს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.