aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კრწანისის“ ბაზაზე JTEC-ის შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეიდან ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო. შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩაუშვა და ერთობლივი ცენტრის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საძირკველში კაფსულის ჩაშვების ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების ერთი წლისთავს დაემთხვა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ JTEC-ის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას საქართველოსთვის ცენტრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს საძირკველი ჩავუყარეთ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალ შტაბს. მინდა, ამ ცენტრის დაარსების ერთი წლისთავი შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს მივულოცო. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ერთად მოვემზადოთ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისთვის და ერთობლივად შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და უნარები,“ – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტოლსტენ კოჰლერმა და JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმაც მიულოცეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა JTEC-ის შექმნისა და ჩამოყალიბების საქმეში აქტიური მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მედალი „გენერალი კვინიტაძე“ პროექტის პირველ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს გადასცა. მედლები და მადლობის სერთიფიკატები მიიღეს ასევე, ერთობლივი ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), როგორც ორგანიზაცია, 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის (SNGP) 13 მიმართულებიდან პირველი განხორციელებული პროექტია. ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შარშან დაფუძნდა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. JTEC-ის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტაქტიკური წვრთნების ჩატარებით და შეფასებით, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სწავლებების გამართვით და მათზე საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა და მოკავშირე ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესება. ცენტრის მთავარი ამოცანაა საბრძოლო, სიმულაციური და ვირტუალური წვრთნების ჩატარება და აღნიშნულ წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფების შეფასება. ერთი წლის განმავლობაში JTEC-ის ორგანიზებით ქართველი სამხედროების მონაწილეობით უკვე გაიმართა სახმელეთო, სამედიცინო და ლოგისტიკური სწავლებები.

იტვირთბა....