ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი.
ცესკოში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. 8 სექტემბრიდან, ამომრჩევლებისთვის ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიები დაარიგებენ.
როგორც მიქელაძემ განაცხადა, ცესკო-ს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
”დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეს ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ.
მისი თქმით, 8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება.
”8 სექტემბერი საარჩევნო სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესის ბოლო ვადაა. არჩევნებში ჩართულ მხარეებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს მინდა შევახსენო, რომ 8 სექტემბრის 18:00 საათზე სრულდება საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა“.- განაცხადა ანა მიქელაძემ.