ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა

2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს, დელეგაციის შემადგენლობაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები იქნებიან.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში  რიგით მეოთხეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

8 სექტემბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა, ასევე გაიმართება სამუშაო ლანჩი გენერალურ მდივანთან და დელეგაციაში მყოფ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტი 2008 წ. 15-16 სექტემბერს განხორციელდა, რა დროსაც  ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. მაშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს წევრი სახელმწიფოები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოიხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში 2013 წლის 26-27 ივნისს განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. საბჭო მიესალმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველო თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისათვის შეაქეს და ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატეს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით და გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის საფუძველზე.

იტვირთბა....