კარგია, რომ პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობა მალე სრულდება – რაც მალე დაასრულებს ეს ადამიანი საქართველოში მოღვაწეობას და იმედია, ჩანაცვლდება უფრო საზრიანი დიპლომატით, უკეთესი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მან პეტერ ფიშერს მოუწოდა, მარტივ კითხვას გასცეს პასუხი: “ვისგან მოდის ეს დავალება და რატომ ცდილობს ასე ძალიან ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაფუჭებას”.
“რაც მალე დაასრულებს ეს ადამიანი მოღვაწეობას საქართველოში და იმედია, ჩანაცვლდება უფრო საზრიანი დიპლომატით, უკეთესი იქნება ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის. რაც დრო გადის, ფიშერისგან სულ უფრო და უფრო მეტად გვესმის ზღვარსგადასული ტყუილიც, საკუთარი სურვილების რეალობად გასაღებაც და არადიპლომატიური გამონათქვამებიც, ასე რომ, კარგია რომ მალე სრულდება მისი საქმიანობა საქართველოში. ჩვენ არაერთგზის, ცხადად და ხაზგასმით გვაქვს ჩვენი პოზიცია გაცხადებული. მეტი რა გაეკეთებინა საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს პარლამენტს?! [კონსტიტუციის] 78-ე მუხლში ევროინტეგრაცია განსაზღვრა, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ ამას ვწერდით, ვერც წარმოვიდგენდით იმ უსაფუძვლო ბრალდებებს, იმ ორმაგ სტანდარტებს და იმ თავდასხმებს საქართველოს მიმართ, რაც ევრობიუროკრატიისგან დღენიადაგ ისმის, რომლის ერთ-ერთი გამხმოვანებელიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არის გერმანიის ელჩი. საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის – ვისგან მოდის ძალმომრეობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვინ არ აძლევდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსს და ამას იყენებდა პედალირების ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და პარტია შეეცვალა და ის გადაწყვეტილება მიეღოთ ქართველებს, რაც არ სურდათ, საიდან მოდის და რა დოკუმენტით არის განსაზღვრული ის, რომ მოლაპარაკებას არ ხსნიან საქართველოსთან. ამ ყველაფრის ფონზე იმ ქვეყნის ელჩი, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროც დღემდე არ ცვლის ოფიციალურ მონაცემებს, ხელებს თვალებზე იფარებს და ღიმილისმომგვრელო მოცემულობაში იგდებენ თავს, ჭკუას გვასწავლის და შეთქმულების თეორიებზე გველაპარაკება. მოდი, მარტივ კითხვას გასცეს პასუხი, ვისგან მოდის ეს დავალება, რატომ ცდილობს ასე ძალიან ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაფუჭებას,” – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს მოსახლეობას უთხრან.
“ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო,” – განაცხადა ელჩმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

