საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “რესპუბლიკელები” საპენსიო ფონდის შემოღებას გეგმავენ. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფონდის შემოღება სამ ეტაპად მოხდება.
”მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მე როგორც ამომრჩეველი, როგორც პენსიონერი მშობლების შვილი, ვარ შეურაცხყოფილი იმ ტიპის საარჩევნო კამპანიებით, როდესაც პოლიტიკური პარტიები პენსიონერებს პირდებიან მორიგი 5 ლარის მომატებას, მორიგი 10 ან 15 ლარის მომატებას. ეს არის სირცხვილი და ასე ჩვენ ვერასოდეს ვუზრუნველვყოფთ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომ, ”რესპუბლიკური პარტიის” ხედვა ეფუძნება იმ ხედვას, რომ სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება დრო და გრძელვადიანი პროექტები. თუ დღეს გრძელვადიანი პროექტები არ დავიწყეთ, ვერასოდეს დაიწყება. ჩვენ უნდა გადავიდეთ დაგროვებით პენსიაზე, უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომ სანამ შრომისუნარიანები ვართ დღეს, უნდა ვიზრუნოთ საპენსიო უზრუნველყოფაზე. ჩვენი სამეტაპიანი პროგრამა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ იმ წუთიდან როდესაც დაიწყებენ შრომით საქმიანობას, რომ თავიანთი საშემოსავლო გადასახადის 20%-დან გარკვეული ნაწილი მიმართონ საპენსიო ფონდისკენ. ეს არ არის დამატებითი ხარჯი, მაგრამ ეს არის ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ პრინციპით, ჩვენ ვიქნებით უზრუნველყოფილი არა მხოლოდ სიბერეში, არამედ ეს ჩვენი თანხები მოხმარდება ჩვენსავე ქვეყანას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.