მომხმარებლებისთვის sms რეკლამის უკანონოდ გაგზავნის ფაქტზე წელიწადნახევრის განმავლობაში 19 კომპანია დაჯარიმდა. არასასურველ sms რეკლამაზე უარი კი ნახევარ მილიონამდე ადამიანმა თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო აპარატი ავრცელებს.
აპარატის ცნობით, კანონი, რომელიც მომხმარებელს არასასურველი sms რეკლამისგან ათავისუფლებს, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ დროიდან მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და მის პირად ნომერზე ე.წ. sms სპამის გაგზავნა აუკრძალოს.
ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის გაზაფხულის ჩათვლით, პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის ფაქტის შესწავლის თხოვნით ინსპექტორს სულ 47-მა მოქალაქემ მიმართა.
აქედან 6 კომპანიის ინსპექტირება 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ინსპექტორმა 6-ვე შემთხვევაში გამოიყენა მონაცემთა დაბლოკვის მექანიზმი და ორგანიზაციებს დაავალა, შეეწყვიტათ განმაცხადებლების მონაცემების გამოყენება და დაენერგათ მოქალაქეთა მხრიდან შეტყობინებებზე უარის თქმის ეფექტური მექანიზმი.
რაც შეეხება მონაცემებს უფრო დეტალურად, 2015 წელს კონკრეტული ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის ფაქტის შესწავლის თხოვნით ინსპექტორს 41-მა მოქალაქემ მომართა. გამოვლინდა პირდაპირი მარკეტინგის კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით განხორციელების 21 შემთხვევა და აქედან 19 ორგანიზაციას 2015 წელს დაეკისრა ფინანსური ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მომხმარებლების მხრიდან არასასურველ რეკლამაზე უარის თქმის საკითხს, 2014 წელს პირდაპირ მარკეტინგზე უარი თქვა 113 000 აბონენტმა. 2015 წელს ერთ-ერთი სარეკლამო მომსახურების გამწევი კომპანიის მონაცემების მიხედვით კი, შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმით 311 962 აბონენტმა ისარგებლა.
აღნიშნულ საკითხზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი კომპანიებს კონსულტაციებსაც უწევს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2014 წელს ინსპექტორის მიერ სულ გაიცა 929 კონსულტაცია, აქედან 56 პირდაპირ მარკეტინგზე, 2015 წელს კი სულ გაიცა 1215 კონსულტაცია აქედან 100-ზე მეტი კონსულტაციაა გაცემული პირდაპირ მარკეტინგზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ნებისმიერი მონაცემის დამუშავება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამასთან, გამარტივდა სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმი და მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოითხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა.