https://www.youtube.com/watch?v=FMbSyyOmZY4
”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც „მეტრონომს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თენგიზ გუნავამ განუცხადა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში „ქართული ოცნების“ ახალგზარდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ.
როგორც გუნავამ განმარტა, აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და პრემიერ-მინისტრს ეკისრება.
„ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში შეხვედრას ვატარებდით, სადაც ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსალხეობას ხვდებოდა. იქ ხალხი შეკრებილი იყო, შეეცადნენ პროვოკაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც დაახლოებით შვიდნი იყვნენ. მოვიდნენ შორიდან შეძახილებით, ნასვამები იყვნენ, პროვოკაციაზე მოდიოდნენ, ჩაშლა უნდოდათ, მაგრამ თვითონ სოფელმა გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეხვედრა ჩავატარეთ. ისინი მოსახლეობამ გააქცია. მანდ იყო საკრებულოს წარმომადგენელი ვინმე თენგიზ აბულაძე, კიდევ იყო შამათავა დანარჩენის სახელს და გვარებს პარტიის ოფისი გაასაჯაროებს, კადრებიც არსებობს…
რაც არ უნდა გააკეთონ და რა პროვოკაციებიც არ უნდა მოაწყონ, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არჩევნებს აუცილებლად მოიგებს. პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ პარტიის გენერალურ მდივანს კალაძეს ეკისრება, იმიტომ, რომ ის გამოირჩეოდა როგორც კორცხელში მსგავსი ხელმძღვანელობით, ასევე ის ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ პარტიის შტაბს და ასე, რომ პასუხისმგებლობა მასზე და თვითონ პრემიერ-მინისტრზეა“- ამის შესახებ გუნავამ „მეტრონომს“ განუცხადა.