აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რაც „მაგთიზე“ გადავიდა ინტერნეტი, გაუარესდა“: რას პასუხობს კომპანია მომხმარებლებს

მას შემდეგ რაც კომპანია „მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლაინის“ კორპორატიული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივი შეიძინა, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი სერვისის გაუარესების შესახებ ჩივის.

მაგალითისთვის, სოციალური ქსელიდან აღებულ რამდენიმე პოსტს გაგაცნობთ:

“ გუშინ მთელი დღე არ იყო ინტერნეტი და ვერც ჩავრიცხე. აპარატები წერდნენ შეცდომააო.  დღეს გამითიშეთ.“მაგთი“  წავედი „სილქნეტზე”.

„ტოპ  უაზრობები, რაც „კავკასუსის“ შეძენის შემდეგ გააკეთა „მაგთიმ“:

1- სერვერი ალბათ კარტოფილზეა დაერთებული, აბა, სხვანაირად ვერ ვხსნი რატომ ითიშება 13/14 წუთის შუალედში ინტერნეტი 10 წამით და მერე ისევ ბრუნდება (და ასე მთელი დღე);

2-ისეთი უბრალო რაღაცეები, როგორებიცაა როუტერის სახელის/პაროლის შეცვლა, ადრე „კავკასუსის“  საიტიდან უმარტივესად შეიძლებოდა. ახლა  ოპერატორს უნდა ელაპარაკო, რომელიც ან გიპასუხებს ან- არა.

3- ყველაზე ტრაგიკული ამბავი ტელევიზიაა.

4-  ეს კიდევ ყველაზე ეპიკი – ანაზღაურება იგივე რჩება და ჩვენც ისევ ისევე ვიხდით ფულს ამ ნაგავში.“

„რაც „მაგთიზე“ გადავიდა ინტერნეტი,  გაუარესდა!!!  ინტერნეტი ხშირად ითიშება, ეხლაც გათიშულია. 40 წუთია ვრეკავ და ყველა ოპერატორი დაკავებულია“

„როგორც კი “მაგთიკომმა” შეიძინა “კავკასუს ონლაინი”,  მას შემდეგ ინტერნეტის ხარისხი გაუარესდა, ტელევიზია შეიცვალა და უაზრო არხებით გაივსო და ყველა სიკეთესთან ერთად, დღეს მთელი დღეა არაა ინტერნეტი, შესაბამისად არც ტელევიზია და ოპერატორებს პასუხი არ აქვთ როდის ჩაირთვება. დენი არ მიეწოდება აპარატურასო (?) … „

ეს და სხვა მრავალი ბრალდება, რაც  „მაგთიკომისგან“ ინტერნეტ სერვისის  გაუარესებას ეხება,  ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა. მითუმეტეს, რომ ბაზარზე ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ ორი მსხვილი მოთამაშეა,  „სილქნეტი“ და ახლა უკვე „მაგთიკომი“.  მომხმარებელთა ნაწილის აზრით, ბაზრის მსგავსი გადანაწილება კონკურენტულ სერვისს ხელს არ უწყობს:  „კონკურენციის და შესაბამისად, სერვისის გაუმჯობესებისთვის, რატომ არ შემოვიდა „მაგთიკომი“ მესამე მოთამაშედ ბაზარზე?“ – ჟღერდება კითხვა.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება მომხმარებლის პრეტენზია რეალობას და რა პასუხი აქვს „მაგთიკომს“ მათზე.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თათული ღვინიაშვილმა ინფორმაცია ინტერნეტ სიხშირის გაუარესების შესახებ არც უარყო და არც დაადასტურა. როგორც მან „მეტრონომთან“ განაცხადა, კომპანია  ძირეულად აახლებს აპარატურას, რომლითაც მომხმარებელს   ინტერნეტ სერვისი მიეწოდება:

თათული ღვინიაშვილი: „მაგთიკომის“  ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ინოვაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა – „მაგთიკომი“ ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 4.5G ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ინტერნეტს სთავაზობს;

ინოვაციებისკენ სწრაფვის ეს ტენდეცია  გავრცელდება ოპტიკურ ბოჭკოვან ინტერნეტსა და IP ტელევიზიაზეც

ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის მომდევნო ეტაპზე გადასაყვანად საჭირო იყო ქსელის გადაიარაღება; ჩვენ უკვე დავიწყეთ პროცესი  – „მაგთიკომი“ ძირეულად ანახლებს აპარატურას , რომლითაც აბონენტს ინტერნეტ სერვისი მიეწოდება. ოპტიმიზაციის შედეგად მომხმარებელი მიიღებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს.

ინტერნეტ ქსელის განვითარება აისახება ტელევიზიის ხარისხზეც, სრულიად განახლდება, როგორც მიმღები მოწყობილობები ასევე პლატფორმა, რაც ნიშნავს უმაღლესი ხარისხის ტელევიზიას მარტივი, ძალიან მოსახერხებელი და მოქნილი “მენიუთი”.

„მეტრონომი“: მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ გაიზარდა ტარიფები, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

თათული ღვინიაშვილი: „ მაგთიკომმა“ შეინარჩუნა ყველა მოქმედი ტარიფი, უფრო მეტიც ჩვენ გავაგრძელეთ ყველა ის აქცია რომელიც მომხმარებლისთვის საინტერესო იყო – მაგალითად აქცია “ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად – 20მბ/წმ თვეში 19 ლარად”.

„მეტრონომი“:მომხმარებელთა მიერ აღინიშნება, რომ კონკურენციის ნაცვლად კომპანიები („სილქნეტი“ დაკავკასუსი „, ახლა უკვემაგთი“) შეთანხმებულად მოქმედებენ, რაც ოლიგოპოლიურ ბაზარს წარმოშობს. ამის მაგალითად  ბაზარზე ორი ძირითადი მოთამაშე (ამ შემთხვევაში უკვემაგთი“ დასილქნეტი“) სახელდება. ეს სიტუაცია სერვისზე ხომ არ აისახება?

თათული ღვინიაშვილი: მსგავსი სქემები დაუშვებელია. კომუნიკაციის სფერო მკაცრად კონტროლდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.

„მეტრონომი“: რატომ დაინტერესდამაგთი“  „კავკასუსისშესყიდვით?

თათული ღვინიაშვილი: „მაგთიკომის“ მიზანი კომპანიის გაფართოება და განვითარებაა. „მაგთიკომმა“ კიდევ უფრო გაზრადა მომსახურების სპექტრი და მომხმარებელს სთავაზობს მობილურ ტელეფონიას, ფიქსირებულ ტელეფონიას, 2 ტიპის ტელევიზიას: სატელიტურს და IPTV-ს, 2 ტიპის ინტერნეტს: ოპტიკურ-ბოჭკოვანს და მობილურს.

კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა ბიზნეს მიმართულებების არსებობა, მაგთიკომს საშუალებას აძლევს სხვადასხვა კომბინაციების შედეგად მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზოს მომხმარებლებს.

„მაგთიკომმა“ „კავკასუს ონლიანის“ საცალო აქტივები უკვე შეიძინა და კომპანია ინტეგრაციის აქტიურ ფაზაშია.

„მეტრონომი“: რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებელს?

თათული ღვინიაშვილი: სექტემებრის შუა რიცხვებში „მაგთიკომი“ მომხმარებელს შესთავაზებს ინტეგრაციის შედეგად შექმნილ პირველ პროდუქტს, რომელიც ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური სერვისის კომბინაციის შედეგია. შეთავაზება მომხმარებლის მოთხოვნებსა და ინტერესებზეა მორგებული, რაც „მაგთიკომის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს.“ -განმარტავს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ  „კავკასუს ონლაინის“ აქციების გაყიდვის ოფიციალური მიზეზი დაგროვილი ვალები გახდა. ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას მარეგულირებელი კომპანია წყვეტს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინის“ აქციები იყიდებოდა, „მეტრონომი“ მარეგულირებელ კომისიას დაუკავშირდა. მათი განცხადებით, კომისია (ამგვარ შემთხვევებში)  მსჯელობს და აძლევს წინასწარ თანხმობას, ამასთან გათვლას აკეთებს ამ ტრანზაქციით რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ბაზარზე, ანუ შენარჩუნებული იქნება თუ არა კონკურენცია:

„იმ შემთხვევაში თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკურენციის პირობები არ დაირღვევა და ჯანსაღი კონკურენცია დარჩება ბაზარზე , აძლევს (ბაზარზე შემოსვლის)  წინასწარ თანხმობას. „მაგთიკომის“ შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ ასეთი საფრთხეები არ არსებობს და ამიტომ მისცა  თანხმობა“.-განაცხადეს კომისიაში.

როგორც „მაგთიკომის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპანია მომხმარებელს მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას ჰპირდება.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებს კომპანია „მაგთიკომი“  „კავკასუს ონლაინის“ შეცვლას და თუ უკეთესი არა, იმავე ხარისხის ინტერნეტის და სერვისის მიწოდებას მომხმარებლისთვის. ამ ეტაპზე კი ფაქტია, რომ მომხარებელთა ნაწილი ბაზარზე მოთამაშეების ამგვარი გადანაწილებით ჯერ უკმაყოფილოა.

 

მანა ნოდია

იტვირთბა....