საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას რეკომენდაციით მიმართა და მოითხოვა იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გლდანში, N39 ბაგა-ბაღის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გაიზარდა:
“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მოქალაქე მ.თ.–ს განცხადება, მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად ერთ–ერთი კომპანიის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოცემულ მიწის ნაკვეთზე თბილისის მერმა გასცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რის შედეგადაც გაიზარდა სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნას, რომელსაც ასევე დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.
საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საბჭოს დასკვნა არ შეიცავდა კონკრეტულ დასაბუთებას, თუ რა საფუძვლებით მიიჩნია საბჭომ მიზანშეწონილად ქალაქთმშენებლობის პარამეტრების ცვლილება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარეები (მათ შორის, განსახილველი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები) ჩართული არ ყოფილან. შესაბამისად, თბილისის მერის ბრძანება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი ეყრდნობა მხოლოდ საბჭოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშეა გამოცემული, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებთან.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა მარტივი ადმინისტრაციული წესით გაიცემა, საბჭოს სხდომაზე – გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზე დაინტერესებული მხარის მოწვევა საჯაროობის პრინციპისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოებების სრულყოფილი შესწავლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ხარვეზიან, არაეფექტურ და საერთაშორისო რეგულაციებთან შეუსაბამო კანონმდებლობის პირობებში. კერძოდ, ამ დროისათვის არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულება ისეთ საქმიანობასთან (მოცემულ შემთხვევაში, მშენებლობასთან) მიმართებით, რომელსაც მართალია არ ფარავს გზშ–ს დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი, თუმცა მან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გარემოზე.
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს ბალანსი ეკონომიკურ საქმიანობასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას შორის. მიმზიდველი და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნის მიღწევა კანონშესაბამისი სივრცითი მოწყობის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების უგულებელყოფით დაუშვებელია. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ორიენტირებულია დაიცვას არამხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოების უფლებები და გააჩნია უნივერსალური მნიშვნელობა ადამიანის არსებობისა და მომავალი თაობებისათვის.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თბილისის მერის მხრიდან კანონმდებლობის არსებითი დარღვევით გამოცემული დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს საზოგადოებრივ და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების გამო როგორც განმცხადებელს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეს ერთმევა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვისა და რეალიზების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონიერების პრინციპი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.