ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარმანიას ბედს ხვალ საკრებულო გადაწყვეტს

თბილისის მერს, დავით ნარმანის  შესაძლოა  თანამდებობის დატოვება მოუწიოს.

ნარმანიამ 24 აგვისტოს მერიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტ ირაკლი კუპრაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მართალია მერმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და შეურაცხმყოფელი ეპითეტი ემოციებს დააბრალა, თუმცა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებამ თითქმის ერთსულოვნად დაგმო დავით ნარმანიას საქციელი.

ყველაფერი კი პარტიზანი მებაღეების მიერ ორგანიზებული აქციით დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებმა  ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს.

საზოგადოების რეაქციის პარალელურად, თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. საკითხის ინიცირებისთვის 24, ხოლო იმისთვის, რომ საკრებულოში ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, 34 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარდაჭერისთვის არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ გუნდსაც მიმართავენ.

“საბოლოოდ, ვაყენებთ საკითხს, რომ დავით ნარმანია გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან, ვინაიდან, მისი მერად ყოფნის შემთხვევაში, შეუძლებელია, ასეთი უპასუხისმგებლო, კორუფციული მმართველობის სტილით მოგვარდეს პრობლემები, რომელიც დედაქალაქში დღითიდღე მძიმდება. იმისთვის, რომ თბილისის მერს გამოვუცხადოთ უნდობლობა და ბიძინა ივანიშვილისთვის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი დავასრულოთ, საჭიროა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შემოუერთდნენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას“.-აცხადებს აბესაძე.

ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც უერთდება. ელისაშვილი ნარმანიას ბოლო რჩევასაც აძლევს და აცხადებს რომ მერმა თანამდებობა თავისი ნებით უნდა დატოვოს.

“უბრალოდ შეუძლებელია, უბრალოდ უხერხულია დავით ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე დარჩენა. ადამიანი, რომელიც 2 წელის თავს ვერაფერს აბამდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა ამას კიდევ ვითმენდით და გუშნი საკუთარ კაბინეტში გაყოყოჩებული მაამებლებით გარშემორტყმული უცბად ძველ ბიჭად და უზრდელადაც მოგვევლინა და ახალგაზრდა გულანთებულ სტუდენტს აყენებდა შეურაცხყოფას. ყველაფერთან ერთად არის უზრდელიც. დავით ნარმანიას ბოლო რჩევას ვაძლევ ცხოვრებაში, რომ თავის ნებით დატოვოს  ეს თანამდებობა. ბოდიში უდნა მოუხადოს ყველას.”-ამბობს ელისაშვილი.

ნარმანიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში, თუმცა თანაგუნდელს გუშინდელ საქციელს არ უწონებენ.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ნარმანიას საჯარო პირთათვის მნიშვნელოვან თმენის ვალდებულებას ახსენებს და ამბობს, რომ მერს  მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.

“ქართული ოცნების” წევრი გედევან ფოფხაძე “მეტრონომთან” საუბარში აცხადებს რომ მერმა უბრალოდ  ემოციები ვერ გააკონტროლა და ამაში გასაკვირი არაფერია. ფოფხაძის თქმით, ნარმანიას სამოქალაქო აქტივისტის შეურაცხყოფა არ სურდა, რადგან თვითონაც  დიდი ხნის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.

“რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი საქმიანობისთვის რომ მიეხედა ახლაც ხელისუფლებაში იქნებოდნენ და საინტრიგოდ საქმე აღარ ექნებოდათ. პროცედურებს თავი დაანებონ. ცდილობენ წინასაარჩევნოდ პრობლემური საკითხები წამოწიონ. რაც შეეხება მიმართვას, რთული სათქმელია… დათო თვითონ არასამთავრობო  ოგანიზააციდან წამოსული კაცია და კარგად იცნობს მაგ სფეროს. მიმართვის ფორმაზე ყველა თვითონ ყალიბდება. მე არავის ცენზურად არ გამოვდგები. მე ჩემი მიმართვის ფორმები მაქვს. ყველამ თვითონ გადაწყვიტოს ვის როგორ მიმართოს. ხანდახან ადამიანები ემოციურად აკეთებენ შეფასებს.”-ამბობს ფოფხაძე.

მართლაც პოლიტიკაში მოსვლამდე მოქმედი მერი “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში”  მუშაობდა და დღემდე  “კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის” დირექტორია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი საკრებულოში ხვალ არის დაბარებული. სწორედ საკრებულოს სხდომაზე აპირებენ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები მერს გადადგომისკენ მოუწოდონ. ამის შესახებ “მეტრონომს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.

“ჩვენი პოზიცია ასეთია, ვფიქრობთ უმჯობესია ბატონი ნარმანია თვითონ გადადგეს. მგონია, რომ ქალაქში კონსესუსია იმაზე რომ ნარმანია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვერ უძღვება ქალაქს. მას პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია და ვერაფერზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ამიტომ უმჯობესია თვითონ გადადგეს. რაც შეეხება უნდობლობის საკითხს, ამ საკითხის დასმისთვის 24 ხმაა საჭირო რაც ნიშნავს, რომ პრინციპში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც უნდა დაუჭირონ მხარი. ისე ხმები ვერ მოგროვდება, ამიტომ ვფიქრობთ რომ უნდობლობის საკითხი არარეალურია, თუმცა თუ მოხერხდა იმდენი ხმის შეგროვება  რომ მას მარტო “რესპუბლიკელების” ხმა ეკლდეს ბუნებრივია ჩვენ ხელს მოვაწერთ. ხვალ მივმართავთ ბატონ ნარმანიას გამოიყენოს შესაძლებლობა და დატოვოს თანამდებობა”. -ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება ნარმანიას მიმართვას და სტუდენტისთვის “მაიმუნი ვირიშვილის” წოდებას, ზურაბიშვილის თქმით, მერმა ბოდიში მოიხადა და ეს ცალსახად ღირსეული საქციელია.

“კარგია რომ ბოდიში მოიხადა. ეს ადამიანს უნდა დავუფასოთ, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ ისმის დავით ნარმანიას მისამართით პრეტენზიები. მას საერთოდ კომუნიკაციაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმ ხალხთან ვინც დაინტერესებულნი არიან ქალაქში მიმდინარე პროცესებით ყოველთვის უჭირდა ურთიერთობა.”-აღნიშნავს ზურაბიშვილი.

საკრებულოში ხვალ დაგეგმილ სხდომასა  და იქ მიმდინარე პროცესებზე “მეტრონომი” დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....