აკადემიურად შეფუთული სიცრუე საქმის კეთების ნაცვლად
გაუსაძლისი მდგომარეობა, წვიმიან ამინდში დატბორილი ქუჩა, გზა ასფალტის გარეშე, მოსახლეობის პირადი ფინანსებით, არასათანადოდ მოხრეშილი სავალი ნაწილი, გზის და სანიაღვრე სისტემის არარსებობა და გარე განათებების არ არსებობა თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე, მეფუტკრეობის ქუჩის მაცხოვრებლებს კვლავ აწუხებს.
„მეტრონომი“ ამ თემის შესახებ ორი თვის წინ წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მერია კონკრეტული ქუჩის მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში პირდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, თუმცა, არჩევნებიდან არჩევნებამდე დაპირება არ სრულდება. ეს ხდება მაშინ, როცა მედიაში გამუდმებით ვრცელდება ინფორმაცია მერიის ჩინოსანთა სახელფასო დანამატებისა და პრემიების კოლოსალურ ციფრებზე.
„მეტრონომს“ მაშინ მთაწმინდის გამგეობის პრესცენტრის წარმომადგენელმა ნინო ჭაბუკიანმა განუცხადა, რომ გაცემულია დავალება ექვს მისამართზე, მათ შორის მეფუტკრეობის ქუჩის რეაბილიტაციისთვის:
„გაცემულია დავალება ექვს მისამართზე, მათ შორის ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩების ქუჩა-ხრეშოვანი საფარის მოწყობის შესახებ. პირველი ეტაპისათვის, ერთი თვის მანძილზე, ანუ როდესაც შემსრულებელი კომპანია ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, ამის შემდეგ დაიწყება ამ ქუჩის მოხრეშვა. მოასფალტებას რაც შეეხება, ჩვენ როგორც ვიცით ამ ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს და ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბოლოს იგეგმება მოასფალტება. მე რაც დაზუსტებით ვიცი არის ის, რომ ეს ადამიანები თვენახევრის წინ იყვნენ მოსულები და ამ პრობლემის შესწავლა თვენახევრის წინ მოხდა. მანამდე ოქროყანის გარდა კიკეთი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი და ა.შ დაახლოებით 200-მდე ობიექტი შეკეთდა. ეტაპობრივად მოვყვებით სოფლებს, იმიტომ, რომ სოფლებში მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. დავიწყეთ, და აუცილებლად წლის ბოლომდე დასრულდება ოქროყანაში, ამ ქუჩაზე გზის შეკეთება“-განაცხადა ნინო ჭაბუკიანმა. ამავდროულად, „მეტრონომის“ მასალაში ჭაბუკიანი განმარტავდა, რომ მათ მხოლოდ დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის შეკეთება შეუძლიათ, რომელიც მეფუტკრეობის ქუჩის მოსახლეობას საერთოდ არ აქვს და რაც აქვთ, როგორც ზევით აღნიშნეს, ისიც საკუთარი ძალისხმევით, მეზობლებისგან აქვთ შემოყვანილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მოვალეობაში შედის.
დაპირების თანახმად, (ნინო ჭაბუკიანი „მეტრონომთან“: „პირველი ეტაპისათვის, ერთი თვის მანძილზე, ანუ როდესაც შემსრულებელი კომპანია ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, ამის შემდეგ დაიწყება ამ ქუჩის მოხრეშვა“) ამ ეტაპისთვის მეფუტკრეობის ქუჩის მაცხოვრებლებს მინიმუმ ვინმე უნდა ენახათ მერიიდან მისული ქუჩის მოხრეშვასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ქუჩა თავისი პრობლემებით კვლავ მიტოვებულია. მეფუტკრეობის ქუჩის ერთ-ერთი ბინადარი „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობასთან მერიიდან არავინ მისულა.
რედაქცია ინფორმაციის დასაზუსტებლად კვლავ დაუკავშირდა მთაწმინდის გამგეობის პრესცენტრს, ნინო ჭაბუკიანს. როგორც ჭაბუკიანმა „მეტრონომს“ განუცხადა, ახლა უკვე კომპანია gwp-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ერთად შეხვდნენ მოსახლეობას და ქუჩის პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრონ:
„ეს არ მოითხოვს დიდ დროს, ერთ ან ორ კვირას, უახლოეს დღეებში დავნიშნავთ მოსახლეობასთან შეხვედრის თარიღს“. -განაცხადა ნინო ჭაბუკიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ წყლით მომარაგების კომპანიაში სოფო ნატროშვილმა დაგვიდასტურა მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა, ფაქტია, რომ გზის დაგების პრობლემა ამ ქუჩაზე უკვე წლების წინ იდგა. წლების წინ შევიდა განცხადებები მერიასა თუ გამგეობაში. ამასთან, ჩვენს გაზეთში თითქმის სამი თვის წინ დაიწერა სტატია, რომელშიც გამგეობა დაჰპირდა მოსახლეობას, რომ 1 თვის შემდეგ დაიწყებოდა შესაბამისი სამუშაოები, თუმცა… ფაქტია, როგორც მოსახლეობა გვეუბნება, არც გამგეობიდან, არც მერიიდან ელემენტარული კომუნიკაციაც კი არ მომხდარა.
მკითხველი თუკი დაწვრილებით გაეცნობა მეფუტკრეობის ქუჩის შესახებ თვეების განმავლობაში „მეტრონომში“ გამოქვეყნებულ სტატიებს, აუცილებლად შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მერია, გამგეობა ხელოვნურად ცდილობს გაწელოს ეს საქმე, რომ როგორმე, მიაგოროს 8 ოქტომბრამდე. ხოლო რა მოხდება შემდეგ, ამის გამოცდილება ქართულ საზოგადოებას უკვე წლების განმავლობაში დაუგროვდა. წყლის კომპანიის ჩართვის ფაქტი კი აშკარად არის პრობლემის აკადემიურად შეფუთვის მცდელობა, რომლის შიგნითაც სიცრუე იმალება. ამის დასტურია წლების განმავლობაში ქალაქის მთავრობაში შესული წერილები. როგორც ჩანს, წლების შემდეგ აღმოაჩინა მერიამ/გამგეობამ, რომ ამ ქუჩაზე მიწისქვეშა წყლების პრობლემა დგას, რომლის გარეშეც გზის დაგება, მოხრეშვაც კი არ შეიძლება.
აღარაფერს ვამბობთ გზის განათებაზე, აბრებზე, ნათურის გამოცვლაზე, რომლითაც უზრუნველყოფას მერია დღემდე ვერ (არ) ახერხებს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში კარგად იციან მეფუტკრეობის ქუჩის პრობლემები, თუგინდ 2 თვის წინ, „მეტრონომში“ დაბეჭდილი წერილიდან, ჩვენთან საუბრის დროს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ლაშა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტს წლების წინ, მეფუტკრეობის ქუჩის მოსახლეობის მიერ მერიაში შეტანილი განცხადების ნომერი მოსთხოვა.
როგორც „მეტრონომთან“ მეფუტკრეობის ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ისაუბრა, წლების განმავლობაში, დაახლოებით 3-ჯერ, თავად აქვს შეტანილი განათებასთან დაკავშირებული განცხადება მერიაში. უფრო მეტიც, მისი თქმით, საქმის კეთების და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ახლახან, საკმაოდ გრძელი ქუჩის შუაში მდგარი ურნა მერიამ გააქრო: „როგორც ჩანს, ამით მერიამ 5 ლარის ეკონომია გააკეთა. მოსახლეობის დანიშნულება მხოლოდ დაქირავებული ჩინოსნების ხელფასებით და პრემიებით უზრუნველყოფა ყოფილა, რომ მერე ძვირადღირებული მანქანებით იარონ“ ,- გვითხრა იქაურმა მაცხოვრებელმა.
რა თქმა უნდა, გამგეობის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ უშუალოდ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან დაკავშირებას. ამისათვის ჯერ ვესაუბრეთ ამავე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლაშა ჩხიკვიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში გაარკვევდა, შესაძლებელი იყო თუ არა მასთან ინტერვიუს ჩაწერა.
რამდენიმე ხანში ჩვენ დავუკავშირდით ლაშა ჩხიკვიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. მკითხველს გვინდა შევახსენოთ, საუბარია მოსახლეობის მიერ დაქირავებულ ჩინოსანზე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ანგარიშვალდებული იყოს დამქირავებელთან. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება მედიას, რომელიც უშუალოდ ახდენს მსგავსი ჩინოსნის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მის მასობრივ გავრცელებას ახორციელებს იმ საზოგადოებაში, რომელიც ფულს უხდის მერიის მაღალჩინოსანს.
ლაშა ჩხიკვიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პრობლემის გასაღები GWP-ში უნდა ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლება წლებს ითვლის, გამოდის, რომ მერია ამ წლების განმავლობაში უძლური აღმოჩნდა წყლით მომარაგების კომპანიის მიმართ, რომ ადეკვატური ზომები მიეღო „ხელისშემშლელი“ კომპანიის წინააღმდეგ მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, როგორც ლაშა ჩხიკვიშვილი ამბობს, მეფუტკრეობის ქუჩაზე განათების, ბოძების, აბრების და ასე ვთქვათ, ნათურის გამოცვლაც კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მორჩება თავის წილ სამუშაოს GWP.
საზოგადოებამ, მკითხველმა თავად შეაფასოს რამდენად ადეკვატურია მერიის ჩინოსანთა პოზიცია იმ პრობლემების მიმართ, რომელსაც მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქვია და როგორ ავიწყდებათ ამ ხალხის ზრუნვაზე უფლებამოსილ პირებს, რომელთა მაღალი ხელფასებისა და პრემიების შესახებ ხშირად იწერება მედიაში, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს (სადაც კანალიზაციაც არის, გზაც და წყალიც), ამ ხალხის არსებობიდან გამომდინარე კვებავენ.
რედაქცია აუცილებლად მიადევნებს თვალყურს მეფუტკრეობის ქუჩის თემას, რადგან ერთ ქუჩაზე არსებული პრობლემების მოგვარებით ან წაყრუებით, ნათლად ჩანს ხელისუფლებისა და კონკრეტულად, მერიის დამოკიდებულება ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ.
„მეტრონომი“ მორიგ მასალას მეფუტკრეობის ქუჩის პრობლემებთან დაკავშირებით ახლო მომავალში შემოგთავაზებთ. მერიისგან განსხვავებით, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, ვინც რედაქციას უკავშირდება და დახმარებას თხოვს.
ქვევით, იხილეთ ვრცლად იგივე თემაზე 2 თვის წინ გამოქვეყნებული სტატია:
გენო ჯოხიძე