საზოგადოება

რა მოხდა თბილისში: „კამაზი დაგორდა, იყო წივილ-კივილი, მანქანებს მიახეთქებს და მტკვარში გადაეშვება“

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე ამაღელვებელი და სახიფათო მომენტის შესახებ წერს, რასაც თავად შეესწრო:

„მოვდივართ ტაქსით იაშვილის კლინიკიდან მე და ქეთი ლომაია. მივუახლოვდით თუ არა ვეფხვისა და მოყმის მონუმეტს, ვხედავთ კამაზი მოგორავს და მძღოლი ვერ აჩერებს. არადა, საშინლად გადატვირთული მოძრაობაა და მანქანები დაგორებულ “კამაზს” ვერ გაექცევიან. ისმის ერთი წივილ-კივილი, სიგნალი, ხალხი მანქანებიდან გადახტის. ისკუპა “კამაზის” მძღოლმაც, რომელიც საშუალო ტანის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, მანქანას წინ გადაუდგა, ორივე ხელი შეაშველა და მთელი ძალით მიაწვა. კამაზი კვლავ მოგორავს, ჩვენ ვასწრებთ, მაგრამ ვხედავთ, სადაცაა რამდენიმე მანქანას ერთმანეთზე მიახეთქებს და მათთან ერთად მტკვარში გადაეშვება. ეს საშინელი სურათი გარდაუვალია, მაგრამ მოხდა სასწაული, კამაზი გაჩერდა. არ ვიცი, რა ძალამ გააჩერა იგი, ძნელი დასაჯერებელია, რომ მძღოლის მოზღვავებულმა ენერგიამ, მაგრამ ფაქტია, რომ გაჩერდა და ღმერთმა მორიგ ტრაგედიას აგვაცილა… ძალიან ცუდია, რომ ფოტოს გადაღება ვერ მოვიფიქრე, ეს იყო სამოქალაქო თავდადების უდიდესი მაგალითი. თავის გადარჩენის ნაცვლად მძღოლი სხვების გადარჩენას შეეცადა. მე ასე ვთვლი და თქვენი არ ვიცი“ – წერს მიქატაძე.

იტვირთბა....