ახალი ამბები მთავარი

“სამართლიანი არჩევნები”: შუამთობის დღესასწაულზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევს ფაქტი დაფიქსირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ   აჭარაში, შუამთობის დღესასწაულზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევს ფაქტი დაფიქსირდა:

 

“სამართლიანმა არჩევნებმა” მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პერიოდში, შუამთობის დღესასწაულზე ახლად დაქორწინებული წყვილისთვის პარტიული თანამდებობის პირების მიერ ფასიანი საჩუქრების გადაცემა მოხდა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევდა, რომ 2013 წლის 11 აგვისტოს ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდის გადაცემის ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება”,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით,   6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს – იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას,  ხულოს გამგეობა არ ადასტურებს.

იტვირთბა....