ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რატომ გადადო საკრებულომ საქმის განხილვა: 13 ივნისს დაზარალებულ 5 ოჯახს სასამართლოს იმედი აქვს

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახის ქონების სრული კომპენსაცია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. („მეტრონომი“ ამ თემის შესახებ ადრე წერდა). როგორც „მეტრონომს“ ერთ-ერთი დაზარალებული, მზია გასვიანი-გურგენიძე ესაუბრა, საკრებულომ ის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მესაკუთრის სტატუსის გარეშე მყოფი 5 ოჯახის კომპენსაცია იგულისხმება, 2 აგვისტოს სხდომაზე არ განიხილა:

„მიუხედავად იმისა, რომ 21 ივლისს საკრებულოში კომისიის სხდომა იყო, სადაც დაუჭირეს მხარი ცვლილების შეტანას  კონსტიტუციის 42-ე მუხლში, რომ  ჩვენც მესკუთრეების მსგავსად მიგვეღო  კომპენსაცია, 2 აგვისტოს ჩვენი საკითხი საკრებულომ გადადო.“ – განაცხადა მზია გასვიანმა.

„მეტრონომი“ თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, სევდია უგრეხელიძეს დაუკავშირდა. ის იმ პროექტის ინიცატორია, რომელიც დაზარალებული 5 ოჯახის მესაკუთრეებად ჩათვლას გულისხმობს და საკრებულომ სხდომაზე არ დაამტკიცა. სევდია უგრეხელიძის თქმით, ოჯახებმა ქონების სრული კომპენსაცია უნდა მიიღონ:

სევდია უგრეხელიძე: „ამ 5 ოჯახს სხვა ტიპის ანაზღაურებას სთავაზობენ:  ერთოთახიან ბინებს ხუთ სულზე და 30 000 ლარს. ეს ხალხი ბუნებრივია არ თანხმდება.

ჩვენ შევიტანეთ პროექტი, რომ ამ წესში (საკრებულოს მიერ მიღებული წესი, რომლითაც 13 ივნისს დაზარალებულთა კომპენსაცია ხდება) შეცვალონ ერთი პუნქტი და განმარტონ, რომ მათ შორის იმ ადამიანებს ეკუთვნით სრული კომპენსაცია, ვისაც 2007 წლისთვის ეს ტერიტორია დაკავებული ჰქონდა. ეს პროექტი  15 მაისიდან საკრებულოში დევს და მისი განხილვა გადააქვთ.

გუშინ, ჩვენს მიერ წარდგენილ ამ პროექტზე საკრებულოში ფაქტობრივად უარი თქვეს. შესაბამისად, დავა გაგრძელდება სასამართლოში.“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, „მეტრონომთან“ საუბარში განმარტავს, თუ რატომ შეექმნა ამ 5 ოჯახს კომპენსაციასთან დაკავშირებით პრობლემა:

ჯაბა სამუშია: „სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ვინც არ არის საქმეში ჩახედული, ჰგონია, რომ სახელმწიფო ამ 5 ოჯახს პრობლემას უქმნის. საქმე ის არის, რომ ამ 5 ოჯახს პრობლემა კანონთან მიმართებაში აქვთ. მათ საცხოვრისი არ აქვთ დაკანონებული. სახელმწიფო ვერ გადაიხდის კომპენსაციას დაუკანონებელ ფართზე. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს ადამიანები იქ ცხოვრობდნენ, სტიქიის პერიოდში უბედურების ზონაში მოყვნენ და ამიტომ, მათთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო. მათ შევთავაზეთ ფულადი კომპენსაცია, როგორც დაზარალებულთა ფონდიდან, ასევე მერიიდან, ბინების გადაცემა…  მაგრამ ეს ადამიანები თვლიან, რომ იმ კანონის შესაბამისად უნდა მიიღონ ანაზღაურება, რა წესიც თავის დროზე საკრებულომ მიიღო (დაზარალებულთა კომპენსაციისთვის). იმ წესში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ ადამიანი მესაკუთრე უნდა იყოს. ამ ხუთმა ოჯახმა, თავის დროზე, 2007 წლამდე,  ააშენეს სახლები, მაგრამ ტერიტორია, სხვადასხვა მიზეზის გამო,  არ დაუკანონებიათ. შემდეგ, ამ  დაუკანონებელ ტერიტორიას, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაედო რეკრეაციული ზონის სტატუსი, შესაბამისად, მისი არც გაყიდვის, გასხვისების, ან დამტკიცების უფლება არ გვაქვს.

ამ ადამიანებთან მოლაპარაკება მიდის, რომ მათი ყველა სურვილი შეჯერდეს კანონის ფარგლებში.

„მეტრონომი“: შესაძლებელია ამ 5 ოჯახს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს და ისე მოხდეს მათთვის იმ კომპენსაციის გადაცემა, რასაც ითხოვენ?

ჯაბა სამუშია: განსაკუთრებულ სტატუსს რომ მიანიჭებ ადამიანს, რომელსაც ქონება დაკანონებული არ აქვს, ხომ შეიძლება ამან პრეცენდენტი გამოიწვიოს? სტიქიის შემთხვევაში რომ ცნო დაზარალებულად ადამიანი, რომელსაც ქონება არ აქვს აღიარებული, სხვა შემთხვევაშც შეიძლება მოითხოვის იგივე ბევრმა. უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის უამრავი ფაქტია.

„მეტრონომი“: როგორ ახერხებენ ადამიანები ტერიტორიის უკანონოდ დაკავებას, რატომ ვერ აკონტროლებს ამას სახელმწიფო?

ჯაბა სამუშია: „ამ ეტაპზე მსგავსი პრეცენდენტი აღარ ხდება. საუბარია 2007-დან 2009 წლებზე, რა დროსაც აშენებულ, მაგრამ დაუკანონებელ ქონებას კანონმდებლობით არავინ გინგრევდა. ასეთი ქონება კი, რომელსაც ვერც ამტკიცებ და ვერც ანგრევ, ბევრია თბილისში.

ამ კონკრეტულ 5 ოჯახს  სტიქიამდეც არაერთხელ აქვთ შეტანილი დაკანონებაზე განცხადება, მაგრამ რადგან ტერიტორიას  უკვე სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, ვერ მიიღეს დაკანონება. ვცდილობთ სამართლებრივად ამ ადამიანებს დავეხმაროთ. სახელმწიფო ამ ადამიანებთან მოლაპარაკებაზე მიდის.

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ დავუკანონოთ, ან თუ ვერ ვუკანონებთ, როგორ მივაღწიოთ შეთანხმებას ამ ადამიანებთან. მათ შევთავაზე, რომ ინდივიდუალურად დავსხდეთ და გავიაროთ დეტალები.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კანონის შესაბამისად, გამორიცხულია მათთვის ამის დამტკიცება. ამიტომ ორი გზა გვაქვს: მათ ხელი შევუწყოთ სამართლებრივი დავისთვის, და თუ სასამართლო მათ დაზარალებულებად ცნობს, ამით მოგვცემა საშუალება მათ კანონიერად დავეხმაროთ, ან მეორე გზა-ამ ადამიანებთან შევთანხმდეთ კომპენსაციასთან დაკავშირებით.“-აცხადებს ჯაბა სამუშია.

დაზარალებული მზია გასვიანი კი „მეტრონომთან“ ადასტურებს, რომ დავას სასამართლო პროცესით მაინც მოიგებს:

„იურისტები თუ არასამთავრობობები ამბობენ, რომ სწორედ იმ კანონში მოვიაზრებით, რომელიც მესაკუთრეებს უნაზღაურებს ზარალს და ისევე გვეკუთვნის ანაზღაურება, როგორც მესაკუთრეებს. სახლი ხომ იდგა, ის მაინც უნდა ანაზღაურდესო-გვეუბნებიან იურისტები.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საქმეს სასამართლოში“. – ამბობს დაზარალებული.

მანა ნოდია

 

იტვირთბა....