ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოს“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობთ დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.
“სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენეს იარაღად, იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან “აგროდაზღვევა“ გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ააიპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო”. – ამბობს ჭიაბერაშვილი.
პარტიაში ირწმუნებიან, რომ საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას და მათ ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი.
“ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
“მეტრონომი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება მცდარია და ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან.