ახალი ამბები მთავარი

სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა.  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ კარდენახში, სადაც სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურა გაანადგურა.

სეტყვა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალიც ერთვოდა, თითქმის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ამ დილას რასაც შევხედეთ, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. აღარც პამიდორი ვარგა, აღარც ხეხილი და აღარც ვენახები. მოსავლის მოსაყვანად ყველა ოჯახს ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული, რა გვეშველება, არ ვიცით“. –  აცხადებს სოფელ კარდენახის მცხოვრები სოსო ქიტიაშვილი.

„2030“-თან საუბარში სოფელ კარდენახის რწმუნებულის ალექსანდრე ტურიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სტიქიამ მოსავლის 50% გაანადგურა.

“დღეს დილიდან მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ვამოწმებთ სტიქიისგან მიყენებულ ზიანს. ამ დროის მონაცემებით, სეტყვამ და ქარიშხალმა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ჰექტრამდე ნაკვეთები 50%-ით დააზიანა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დღის ბოლომდე დაზუსტდება“. – აცხადებს ტურიაშვილი.

იტვირთბა....